ტარიფების ცვლილებაზე „მაგთიკომის“ გადაწყვეტილება ამ დრომდე ძალაშია
ტარიფების ცვლილებაზე „მაგთიკომის“ გადაწყვეტილება ამ დრომდე ძალაშია

ტარიფების ცვლილებაზე „მაგთიკომის“ გადაწყვეტილება ამ დრომდე ძალაშია. კომპანიის ვებგვერდზე 18 და 25 თებერვლიდან ასამოქმედებელი პირობები კვლავ მითითებულია.

„მაგთიკომის“ ცხელ ხაზზეც განაცხადეს, რომ მომსახურების ახალი პირობები გეგმის მიხედვით ამოქმედდება.

პირველი არხი ეცადა, კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში გაერკვია, იგეგმება თუ არა 18 იანვარს დაანონსებული პირობების შეცვლა, თუმცა „მაგთიკომის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში პირველი არხის სატელეფონო ზარებსა და მოკლე ტექსტურ შეტყობინებას არ უპასუხეს.

ტარიფების გაძვირება „სილქნეტმა“ შეაჩერა. ამის მიზეზად კი, კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თხოვნა დასახელდა. მარეგულირებელი კომისია ბაზარზე არსებული ვითარების შესწავლას გეგმავს.

მობილურ ინტერნეტზე „მაგთიკომის“ განახლებული ინტერნეტ-პაკეტები 18 თებერვალს უნდა ამოქმედდეს (1 გიგაბაიტი – 5 ლარი; 3 გიგაბაიტი – 9 ლარი; 5 გიგაბაიტი – 12 ლარი; 20 გიგაბაიტი – 30 ლარი; ულიმიტო – 150 ლარი). პაკეტი „მარტივის“ ღირებულება 25 ლარის ნაცვლად 30 ლარი ხდება (გაზრდილი მობილური ინტერნეტით). იგეგმება ნომრის სააბონენტო გადასახადის შემოღება (180 დღეზე 1 ლარი). 25 თებერვლიდან კი, ფიქსირებული ინტერნეტის მინიმალური პაკეტი, 27 ლარის ნაცვლად, 30 ლარი უნდა გახდეს (გაორმაგებული სიჩქარის პირობებში).