ტარიელ ნაკაიძე - ვიდრე პარლამენტი არ შემიწყვეტს უფლებამოსილებას, მივიღებ ხელფასს და გადავურიცხავ იმას, ვინც ცვლილებებისთვის იბრძვის
ტარიელ ნაკაიძე - ვიდრე პარლამენტი არ შემიწყვეტს უფლებამოსილებას, მივიღებ ხელფასს და გადავურიცხავ იმას, ვინც ცვლილებებისთვის იბრძვის

„ევროპული საქართვლოს“ წევრი ტარიელ ნაკაიძე აცხადებს, რომ ვინაიდან ამ დრომდე არ მოხერხდა სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის თაობაზე პარლამენტის მხრიდან გადაწყვეტილების მიღება, მეტი პოლიტიკური ბრძოლის გასაგრძელებლად გადაწყვიტა, ხელფასი აეღო.

უფრო კონკრეტულად კი, ნაკაიძე ამბობს, რომ ხელფასს მოახმარს აქტივისტებს, რომლებიც „ქართული ოცნების“ ხელისუფლების წინააღმდეგ დაუღალავად შრომობენ.

ტარიელ ნაკაიძის განმარტებით, ის ხელფასს ორგანიზაციას „მოძრაობა საქართველოსთვის“ გადაურიცხავს.

„რამდენიმე დღის წინ მივიღე წერილი პარლამენტიდან, მთხოვდნენ, რომ გამეგზავნა ანგარიშები, რათა მომხდარიყო ანგარიშზე ჩარიცხვა ჩემი კუთვნილი ხელფასის, რომელიც ვთვლი, რომ წესით არ უნდა გვეკუთვნოდეს, რადგან რამდენიმე დღის წინ მივმართეთ პარლამენტს, რომ შეგვიწყვიტონ უფლებამოსილება. ვინაიდან არ მოხერხდა გადაწყვეტილების მიღება, გადავწყვიტე, ეს ხელფასი მე მიმეღო არა იმიტომ, რომ წამეღო სახლში, არამედ გამეგრძელებინა უფრო მეტი პოლიტიკური ბრძოლა.

ამიტომ, ეს გადაწყვეტილება ინდივიდუალურია. ჩემი გადასახედით, ვფიქრობ, უკეთესი იქნება, დავეხმარო მათ, ვინც დღეს „ქართული ოცნების“, ივანიშვილის მიმართ ბრძოლაში დაუღლელად შრომობენ, ადამიანებს, აქტივისტებს, რომლებსაც უჭირთ და არ აქვთ საშუალება. გადავწყვიტე, მიმეღო ეს ხელფასი, როგორც ხელფასი და არა ხელფასი ჩემთვის, არამედ მიმეღო, როგორც დახმარება ადამიანებისთვის და გადავურიცხო ორგანიზაციას ,,მოძრაობა საქართველოსთვის“, რომელიც არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩემთვის.

მაქსიმალურად ვცდილობ, აქტივისტები იყვნენ დაცლილი პოლიტიკური, პარტიული კუთვნილებისგან, თავისუფლად, ვისაც ნამდვილად სურს, უპარტიოდ მოიტანოს ცვლილება, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია. ვფიქრობ, რომ ეს არის სწორი ნაბიჯი. ვცდილობ, მაქსიმალურად დავეხმარო მათ. სანამ პარლამენტი არ შემიწყვეტს უფლებამოსილებას, მანამ მივიღებ ამ ხელფასს და გადავურიცხავ იმას, ვინც ცვლილებებისთვის იბრძვის“, – განაცხადა ნაკაიძემ.

რაც შეეხება კითხვას, „ბოიკოტის პირობებში უხერხულობას ხომ არ გიქმნით, რომ არ დადიხართ პარლამენტში და იღებთ ხელფასს“,- ნაკაიძე პასუხობს, რომ ეს ბოიკოტის დარღვევა არ არის.

„ბოიკოტის დარღვევა ნიშნავს იმას, რომ გამოვიწვევდი ჩემს განაცხადს, რომელიც შევიტანე, ეს არ გამიკეთებია და არც გავაკეთებ“, – დასძინა ნაკაიძემ.

ამასთან, პარტიის პრესსამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, „ევროპული საქართველოს“ წევრებს, შალვა შავგულიძეს და არმაზ ახვლედიანს საკუთარი საბანკო რეკვიზიტები არ გაუგზავნიათ პარლამენტის საფინანსო დეპარტამენტისათვის.

მათივე ცნობით, იმის გამო, რომ ელენე ხოშტარია და დავით ბაქრაძე წინა მოწვევის პარლამენტის წევრები იყვნენ, მათ ავტომატურად ჩაერიცხათ საპარლამენტო ხელფასი.

პარტიაში განმარტავენ, რომ ელენე ხოშტარიამ აღნიშნული თანხა უკან გადაუგზავნა სახელმწიფო ხაზინას, ხოლო დავით ბაქრაძემ საპარლამენტო ხელფასი წინასაახალწლო ქველმოქმედებაში ჩადო და გაჭირვებულ ოჯახებს დაეხმარა.