ტარიელ ნაკაიძე - ირაკლი სესიაშვილის ინიციატივა სავალდებულო სამხედრო სამსახურთან დაკავშირებით დისკრიმინაციულია
ტარიელ ნაკაიძე - ირაკლი სესიაშვილის ინიციატივა სავალდებულო სამხედრო სამსახურთან დაკავშირებით დისკრიმინაციულია

ქართველ მუსლიმთა კავშირის თავმჯდომარე ტარიელ ნაკაიძე სავალდებულო სამხედრო სამსახურთან დაკავშირებულ კანონპროექტს დისკრიმინაციულს უწოდებს. ის აცხადებს, რომ პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი სესიაშვილის ინიციატივას მხარს ვერ დაუჭერენ.

„ეს ინიციატივა დისკრიმინაციულია. ზოგადად, ჩვენ, მუსლიმები არ ვითხოვთ პრივილეგიებს, ჩვენ ვითხოვთ თანასწორობას, კანონი ყველასთვის უნდა იყოს თანასწორი. არ უნდა დაუშვათ დისკრიმინაციის პრეცედენტი. როცა ირაკლი სესიაშვილი ბრძანებს, რომ ეს არ არის დისკრიმინაციული, სწორედ ის არ ითვალისწინებს და არ უყურებს იმ გარემოებას, თუ რატომ იყო ეს კანონი კონკორდატის მიერ მიღებული და რატომ მოხდა გათანაბრება.

მსგავსი კანონები როცა საგადასახადო თემას ეხებოდა, როცა საკუთრებას ეხებოდა, გავასაჩივრეთ. შესაბამისად, საკონსტიტუციო სასამართლომ თქვა, რომ არსებული კანონი არის დისკრიმინაციული და პარლამენტს დაავალა, რომ ეს კანონები და საგადასახადო შეღავათები საკუთრების უფლებასთან დაკავშირებით გაასწორა, ყველას თანაბარი შესაძლებლობა მისცეს. ჩვენ ვერ დავუშვებთ და ვერ დავუჭერთ მხარს ისეთ კანონპროექტს, რომელიც პრაქტიკულად არათანაბარ მდგომაროებაში ჩააყენებს საქართველოს მოქალაქეებს“, – განაცხადა ტარიელ ნაკაიძემ.

სავალდებულო სამხედრო სამსახურთან დაკავშირებით ირაკლი სესიაშვილის კანონპროექტის საკომიტეტო მოსმენები ჯერ არ გაიმართება. სესიაშვილის თქმით, კანონპროექტზე მუშაობა გაგრძელდება.