ტარიელ მიქაცაძე - მიწისქვეშა და ზედაპირული სამუშაოები უნდა აღდგეს იმ პირობით, რომ მაღარო არჩევნების შემდეგ ისევ არ გაჩერდება, ჭიათურა არ დარჩება მშიერი და ისევ არ ექნება საბანკო პრობლემები
ტარიელ მიქაცაძე - მიწისქვეშა და ზედაპირული სამუშაოები უნდა აღდგეს იმ პირობით, რომ მაღარო არჩევნების შემდეგ ისევ არ გაჩერდება, ჭიათურა არ დარჩება მშიერი და ისევ არ ექნება საბანკო პრობლემები

ყველას უნდა, მიწისქვეშა სამუშაოები და ზედაპირული სამუშაოები აღდგეს, მაგრამ უნდა აღდგეს იმ პირობით, რომ 5-6 თვეში არჩევნები რომ ჩაივლის, ისევ არ გაჩერდება მაღარო, ჭიათურა არ დარჩება მშიერი და ისევ არ ექნება საბანკო პრობლემები, – ამის შესახებ მაღაროელმა ტარიელ მიქაცაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“ განაცხადა.

„აი, ამ გარანტიებს ითხოვენ მაღაროელები და არა იმას, რომ მხოლოდ ერთი ინვესტორის მეორეთი ჩანაცვლებით, რეალურად, არაფერი შეიცვალოს. ჩვენ ამ რეალობაში ვხედავთ, რომ ერთი ინვესტორი, უფრო სწორად, ერთი მმართველი, ვინც სპეციალისტს უწოდებს თავის თავს, უნდა ჩანაცვლდეს მეორეთი და არსებითად არაფერი არ იცვლება ჩვენთვის სასიკეთოდ. ასევე, აქვთ გეგმა, რომ 3 600-კაციანი სამუშაო ადგილები უნდა შემცირდეს 1 500-მდე, რაც გამოიწვევს ძალიან დიდ შიმშილს და სამუშაოების დაკარგვას თანამშრომლებში. ამას მოწმობს ის განცხადება, რა განცხადებაზეც ცდილობენ, ხელი მოაწერიონ ყველას. ხელის მოწერა ხდება ძალდატანებით, დაშინებით და ამ დაშინებასა და ძალდატანებაში მოქმედებს როგორც ადგილობრივი მერია, ასევე ჩართული არიან სოფლის გამგებლები, ადგილობრივი კომპანიის დირექტორები და ა.შ.“ – განაცხადა მიქაცაძემ.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, რა იწვევს მაღაროელთა პროტესტს და არის თუ არა ახლა მთავარი პრობლემა უნდობლობა „ჭიათურ მენეჯმენტ კომპანისთან“ მიმართებაში, ტარიელ მიქაცაძემ განაცხადა, რომ დიახ, მთავარი პრობლემა არის უნდობლობა.

„უნდობლობაა მთავარი პრობლემა. ჩვენ გვქონდა გაცხადებული, რომ ჩვენთან ერთად უნდა ყოფილიყო საუბარი, შეთანხმება, ჩვენთან ერთად უნდა ყოფილიყო ამ მაღაროების შემოწმება და დასკვნა ამის შესაბამისად. ჩვენ გვაქვს ეჭვი, რომ შეიძლება, არასწორი დასკვნა დადონ. მაგალითად, „იმედის“ ტელევიზია იყო შესული შუქრუთის მაღაროში, გადაიღო ისეთი უბნები, სადაც საერთოდ არ ყოფილა წლების განმავლობაში მოპოვება, გაუქმებულია ის უბნები და თქვა, აქ, უბრალოდ, მუშაობა აღარ შეიძლება, იმდენად არის დაზიანებულიო. ამიტომ, იქ ვინც შედის, არ ვენდობით იმ ადამიანებს და გვინდა, ჩვენი თვალით, ჩვენი გადაღებით დავაფიქსიროთ, რომ არ არის ისე კატასტროფულად საქმე. როგორც კომისიის პროცესში ვითხოვდით ჩართვას, ასევე ვითხოვთ შემოწმებების პროცესში ჩართვას. თითქოს ამ 62 დღის განმავლობაში ჩვენ არაფერს არ წარმოვადგენთ ქუჩაში, ასე ჩვენ გარეშე, ჩვენი გვერდის ავლით აკეთებენ ყველაფერს“, – განაცხადა მიქაცაძემ.

თამთა სანიკიძის შეკითხვაზე, ეთანხმებიან თუ არა მაღაროელები კომპანიის მიერ ორი კვირის წინ წარდგენილ გეგმას, რომ წარმოების სრულად გასაახლებლად უნდა მოხდეს პარალიზებული მაღაროების გახსნა და იქ სამუშაოების აღდგენა, ტარიელ მიქაცაძემ განაცხადა, რომ სამუშაოები აუცილებლად უნდა აღდგეს, მაგრამ არა 1 500 დასაქმებულისთვის, არამედ ყველა იმ მშრომელი ადამიანისთვის, ვინც საწარმოში იყო და ფიზიკურად შრომობდა აქამდე.

გადაცემის წამყვანმა მაღაროელს ორი დღის წინ მომხდარ ინციდენტთან, ფიზიკურ დაპირისპირებასთან დაკავშირებითაც ჰკითხა, თუ რა მოხდა იქ, რადგან დაკავებულია ოთხი მაღაროელი სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელზე ფიზიკური თავდასხმისა და ძალადობის ბრალდებით, რაზეც ტარიელ მიქაცაძემ თქვა, რომ ის ამ ფაქტს არ შესწრებია, თუმცა მოსმენილი აქვს.

„მე ამ ფაქტის შემსწრე არ ვარ. მაქვს მოსმენილი და მოსმენილიდან გამომდინარე შემიძლია ვისაუბრო, რომ დაკავებულებიდან ორი ადამიანი ადგილზე არ იმყოფებოდა და, შესაბამისად, მონაწილეობა საერთოდ არ მიუღია ინციდენტში, მაგრამ ვიდრე ეს შემთხვევა მოხდებოდა, დილით უკვე იყო დაგეგმილი, რომ ოთხი ადამიანი უნდა აეყვანათ და დაეპატიმრებინათ. ფაქტი დაფიქსირდა თუ არა, იმწუთშივე გააჟღერეს ტელევიზიებმა „იმედმა“ და „რუსთავი 2“-მა ოთხი ადამიანის სახელი და გვარი ზუსტად, ამათ მოახდინეს თავდასხმაო, მაშინ როდესაც ისინი იქ არც კი იმყოფებოდნენ და ზუსტად ამ ოთხი ადამიანის სახელების შესაბამისად აიყვანეს. ღამით მოაწყვეს სპეცოპერაცია და აიყვანეს ყოველგვარი კითხვის, ყოველგვარი რეალური ფაქტების გარეშე“, – განაცხადა მიქაცაძემ.

შეკითხვაზე, უარყოფს თუ არა ის ფიზიკური დაპირისპირების და ძალადობის ფაქტს, ტარიელ მიქაცაძემ განაცხადა, რომ მას არც უარყოფა შეუძლია და არც დადასტურება, რადგან იქ არ იმყოფებოდა.

„არ შემიძლია არც უარყოფა და არც დადასტურება, რადგან იქ არ ვიმყოფებოდი. შესაბამისად, ფაქტი მოხდა, მაგრამ რა მოხდა იქ, ჯგუფური იყო, ინდივიდუალური, საერთოდ იყო, ერთმანეთთან მოხდა ჩხუბი თუ რა, მე მაგაზე წარმოდგენა არ მაქვს. მაგაზე ვერ ვიდავებ. ფაქტია, რომ ოთხი ადამიანი ზის ციხეში ახლა, ჩვენი თანამებრძოლი და ჩვენი მეგობარი, ოთხიდან ორი საერთოდ არ იმყოფებოდა აღნიშნულ ტერიტორიაზე და მოწმეებს, რომლებიც თითს ადებენ და ბრალს დებენ, გამოძიება შეჰყავთ შეცდომაში. სამწუხაროა, რომ ორთვიანი დაკავება იქნება, მაგრამ მათ საწინააღმდეგოდ აუცილებლად შევიტანთ სარჩელს, რომ ცრუ ჩვენებები მიაწოდეს გამოძიებას“, – განაცხადა მიქაცაძემ.

მიქაცაძემ ასევე აღნიშნა, რომ სამუშაო პროცესის აღდგენა ყველა მაღაროელს უნდა, მაგრამ უნდათ ღირსეულად, მშვიდად და სტაბილურად.

„ველოდებით სამუშაო პროცესის აღდგენას, მაგრამ მანამდე ველოდებით ბიჭების გათავისუფლებას, რომლებიც არიან უკანონოდ დაკავებული“, – განაცხადა ტარიელ მიქაცაძემ.