ტარიელ ხეჩიკაშვილი - შევქმენით პრეცედენტი, რომ სპორტმა ქვეყანას შემოსავალი მოუტანა
ტარიელ ხეჩიკაშვილი - შევქმენით პრეცედენტი, რომ სპორტმა ქვეყანას შემოსავალი მოუტანა

ქვეყანაში სპორტული ტურიზმის განვითარებისთვის დიდი ნაბიჯები გადავდგით. წელს ჩვენ 20-მდე სახეობის ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატს ვუმასპინძლეთ – ანუ უფრო მეტ საერთაშორისო მასშტაბურ ტურნირს, ვიდრე ბოლო რამდენიმე წელიწადში ერთად აღებული, – ამის შესახებ სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა ყოფილმა მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა განვლილი საქმიანობის შეფასებისას განაცხადა.

„ტურიზმის დეპარტამენტმა ეს სპორტული ღონისძიებები იმდენად მნიშვნელოვან პროექტებად მიიჩნია, რომ 13 მათგანი “Check In Georgia”-ს ეგიდით გაიმართა. პროექტები მნიშვნელოვანი მხოლოდ სპორტული კუთხით არა იყო: ტურნირების ორგანიზებაზე 10 მილიონი დაიხარჯა, როდესაც შემოსავლებმა 30 მილიონს გადააჭარბა. ჩვენ შევქმენით პრეცედენტი, რომ სპორტი ქვეყანას ტვირთად კი არ დააწვა, არამედ შემოსავლები მოუტანა” – ამბობს ხეჩიკაშვილი.

მისი თქმით, ფეხბურთის განვითარების სახელმწიფო პროგრამის დამტკიცება არაერთი პრობლემით იყო განპირობებული.

„კერძო კლუბების მეპატრონეთა დიდი ნაწილი ფეხბურთიდან წასვლას აპირებდა, ამიტომ კერძო ინვესტორები უნდა შეგვენარჩუნებინა – მათ გარეშე სახეობას ვერ განვავითარებთ. სხვა საქმეა, რომ პროგრამას დახვეწა სჭირდება. მესმის, გულშემატკივარს ქართულ ფეხბურთის მდგომარეობა არ აკმაყოფილებს, მაგრამ მისი მომავლის მჯერა. ჩავარდნა კი იმას არ ნიშნავს, რომ მომავალი არ გააჩნია. წინსვლას წინაპირობების შექმნა და გრძელვადიანი პროექტების განხორციელება სჭირდება – მინისტრობის პერიოდში სწორედ ამას ვცდილობდი“, – განაცხადა ტარიელ ხეჩიკაშვილმა.