ტარიელ კაკაბაძე - ყველა არსებულ ჩვენებაში მ.კ. განსხვავებულ გარემოებებზე საუბრობს
ტარიელ კაკაბაძე - ყველა არსებულ ჩვენებაში მ.კ. განსხვავებულ გარემოებებზე საუბრობს

გამამტყუნებელი განაჩენისთვის მოწმის ჩვენება სანდო და დამაჯერებელი უნდა იყოს, მ.კ. სასამართლოს ურთიერთსაწინააღმდეგო ინფორმაციებს აწვდის, – ამის შესახებ ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმეზე მსჯავრდებულ გ.ჯ-ს ​ადვოკატმა ტარიელ კაკაბაძემ მ.კ-ს დაკითხვამდე განაცხადა.

ტარიელ კაკაბაძე აცხადებს, რომ ჯერ კიდევ პროკურატურის მოთხოვნისას, მ.კ-ს ხელმეორედ დაკითხვას აპროტესტებდა. მისივე თქმით, ამით სახელმწიფო ბრალდებას უკვე არსებული განაჩენის შეცვლა და პირვანდელი კვალიფიკაციის შეცვლა სურს.

„ჩემთვის, როგორც ადვოკატისთვის უმარტივესი იქნება ამ მოწმის დისკრედიტაცია, – განაცხადა ტარიელ კაკაბაძემ.

aდვოკატის თქმით, ყველა არსებულ ჩვენებაში მ.კ. აბსოლუტურად განსხვავებულ გარემოებებზე საუბრობს.

დაცვის მხარე განმარტავს, რომ სააპელაციო სასამართლომ მ.კ-ს ჩვენება არ უნდა გაიზიაროს.

„გამამტყუნებელი განაჩენისთვის მოწმის ჩვენება სანდო და დამაჯერებელი უნდა იყოს. წარმოიდგინეთ, რამდენად არის სანდო მოწმე ადამიანი, რომელიც საგამოძიებო ორგანოში სამჯერ გამოიკითხება და აბსოლუტურად განსხვავებულ ინფორმაციას აწვდის. შემდეგ მოდის სასამართლოში, სამი დღის განმავლობაში იკითხება და აწვდის აბსოლუტურად განსხვავებულ ჩვენებას, ურთიერთსაწინააღმდეგო ინფორმაციებს აწვდის სასამართლოს. ეს მოწმე განაჩენის შემდეგ იკითხება და კიდევ ცვლის მანამდე მიცემულ ჩვენებებს. თავად გამორიცხავს, ზემოქმედება არ იყო ჩემზეო, შემდეგ ამბობს, რომ ცრუ ჩვენება მივეცი ზემოქმედების გამოო. ასეთი მოწმე როგორ უნდა იყოს დამაჯერებელი? ასეთი მოწმის ჩვენებით ჩვენ ადამიანის ბედს ვერ გადავწყვეტთ. ბრალდების მხარე ჯიუტად ეცდება სასამართლოს დაჯერებას, რომ ეს მოწმე სანდოა და მისი ჩვენება უტყუარია. თუმცა, როგორი დატრენინგებულიც არ უნდა მოვიდეს, დამაჯერებელ ჩვენებას ვერ მისცემს. ჩემთვის, ადვოკატისთვის უმარტივესი იქნება ამ მოწმის დისკრედიტაცია“, – განაცხადა ადვოკატმა.