თარგამაძე დაშავდა და „სამტრედიას“ დროებით ვეღარ დაეხმარება
თარგამაძე დაშავდა და „სამტრედიას“ დროებით ვეღარ დაეხმარება

„სამტრედიას“ ერთ-ერთი ლიდერი, დავით თარგამაძე გუნდს უახლოეს ტურებში ვერ დაეხმარება – ინფორმაციას კლუბის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.

ეროვნული ლიგის მე-13 ტურში „სამტრედიასა“ და „თელავის“ შეხვედრის პირველ ტაიმში დავით თარგამაძე დაშავდა – იმერული კლუბის თავდამსხმელმა მოედანი პირველივე ტაიმის 39-ე წუთზე დატოვა.

„დავით თარგამაძე კუნთის პრობლემების გამო, 2-3 კვირას გამოტოვებს“, – წერია „სამტრედიას“ ვებგვერდზე.

საქართველოს ნაკრების ყოფილი თავდამსხმელი „სამტრედიას“ მეორე წრის განახლებამდე დაემატა და გუნდის ფორმით ჩატარებულ ოთხ შეხვედრაში ერთი გოლი გაიტანა. ხანგრძლივი ჩავარდნის შემდეგ, დათო ფორმაში შედიოდა, მაგრამ 31 წლის ფეხბურთელს აშკარად არ გაუმართლა.

თარაგამაძე საქართველოს ნაკრების ყოფილი თავდამსხმელია, ეროვნული გუნდის ფორმით 20 მატჩი ჩაატარა და ორი გოლი გაიტანა. უცხოეთში გატარებლი რვა სეზონის შემდეგ, საქართველოში დაბრუნდა, რადგან ტრავმის გამო წელიწადზე მეტი გაუცდა და სათამაშო პრაქტიკა ესაჭიროებოდა. თარგამაძემ მას შემდეგ ითამაშა „საბურთალოში“, ბოლნისის „სიონსა“ და „შევარდენი 1906“-ში.