ტაქსის მძღოლებისთვის პირველ ოქტომბერს გამოწერილი ჯარიმების გაუქმების ინიციატივის ინიცირება ბიუროს დღევანდელ სხდომაზე მოხდება
ტაქსის მძღოლებისთვის პირველ ოქტომბერს გამოწერილი ჯარიმების გაუქმების ინიციატივის ინიცირება ბიუროს დღევანდელ სხდომაზე მოხდება

პირველ ოქტომბერს დაჯარიმებული ტაქსის მძღოლებისთვის ჯარიმების გაუქმებასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ინიციატივის ინიცირება საქართველოს პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომაზე მოხდება.

ცვლილებების ინიციატორები დეპუტატები მამუკა მდინარაძე, ნინო წილოსანი და გოგა გულორდავა არიან.

კანონპროექტის მიხედვით, ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლდებიან ის მძღოლები, რომლებმაც ახალი ნებართვის აღება ვერ მოასწრეს და სწორედ ამ მიზეზის გამო 2019 წლის 1-ელ ოქტომბერს დაჯარიმდნენ.

„ინიციატივა ცალსახად პოზიტიურად უნდა შეფასდეს, რადგან რეგულაციები, რომლებიც ეხება ტაქსის მძღოლების სალიცენზიო პირობების შემოღებას, ზოგადად იმ რეგულაციების მოწესრიგებას, რომლებიც თავიდან ბოლომდე არა მხოლოდ ტაქსის მძღოლებისთვის, არამედ ზოგადად თბილისისა და საქართველოს საზოგადოებისთვის იქნება კომფორტული, მისასალმებელია. ამ რეგულაციების დროს თუ რაიმე ტიპის გადაცდენა მოახდინა რამდენიმე ადამიანმა, ბუნებრივია, ჩვენ არ ვართ ჩასაფრების პოლიტიკაში და გვინდა, მაქსიმალურად ნებაყოფლობით ყველამ მოახდინოს რეგულაციებზე დაქვემდებარება. რაც ეხება ოპოზიციის განმარტებებს, მათ არც ის მოსწონთ, რომ ეს რეგულაციები დაწესდა, არც ის, რომ მძღოლები რაიმე ტიპის გადასახადს იხდიან და ახლა არც ის მოსწონთ, რომ ჩვენ აღარ ვახდევინებთ იმ ტიპის გადასახადს, რომლებიც მათ თავის დროზე არ მოსწონდათ“, – განაცხადა დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა.

პირველ ოქტომბერს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 135-ე მეოთხე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით დაჯარიმებულია – 515 პირი, ხოლო მუხლის მეორე ნაწილით – 192 პირი. კანონპროექტის ავტორების ინფორმაციით, ცვლილებების შედეგად, 515 პირს 100 ლარის, ხოლო 192 პირს – 200 ლარის გადახდა აღარ მოუწევთ.