ტაქსის მძღოლების საინიციატივო ჯგუფის წევრები მძღოლებს მერიასთან მოლაპარაკების შედეგებს გააცნობენ
ტაქსის მძღოლების საინიციატივო ჯგუფის წევრები მძღოლებს მერიასთან მოლაპარაკების შედეგებს გააცნობენ

ტაქსის მძღოლების საინიციატივო ჯგუფის წევრებმა დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთეს. ტაქსის მძღოლები საინფორმაციო შეხვედრას პარლამენტის წინ დღეს, 15:00 საათზე გამართავენ.

საინიციატივო ჯგუფის ხელმძღვანელი ვალერი ქადაგიშვილი აცხადებს, რომ დღეს აქციის მონაწილეებს მერიასთან მოლაპარაკებების დეტალებს გააცნობს.

როგორც ქადაგიშვილი აცხადებს, მოლაპარაკების შედეგად, ავტომობილების ფასადურად შეღებვის ნაცვლად, შესაძლებელი იქნება ფირის გადაკვრა. მერიის გადაწყვეტილებით, მარჯვენასაჭიანი მანქანების მძღოლები B კატეგორიაში მუშაობას 2021 წლამდე შეძლებენ.

„მინდა ვამცნო ჩვენს თანამებრძოლეებს, რომ აქტიურად ვაწარმოებთ მერიასთან მოლაპარაკებებს. გარკვეულ შედეგებს მივაღწიეთ, ქალაქის მერს პირადად ვუხდი მადლობას, რადგან მოლაპარაკებებში პირადად არის ჩართული. რაც შეეხება ავტომობილებს, მიღწეულია შეთანხმება, რომ ფასადური შეღებვის ნაცვლად, შესაძლებელი იქნება ფირის გადაკვრა. B კატეგორიაში 2021 წლის იანვრამდე დაშვებული იქნება მარჯვენასაჭიანი ავტომობილები. რაც შეეხება ტრაფარეტის ტარებას, ამ საკითხზე მოლაპარაკებები გრძელდება. მძღოლები ერთხმად ვთანხმდებით, რომ უნდა იყოს მოწესრიგებული ავტომობილები, მაგრამ ეს უნდა მოხდეს ეტაპობრივად“, – განაცხადა ვალერი ქადაგიშვილმა.