ტაქსების რეფორმის ფარგლებში ვაუჩერები 10 აგვისტომდე გაიცემა, მისი გამოყენების ბოლო ვადა კი, პირველი ოქტომბერია
ტაქსების რეფორმის ფარგლებში ვაუჩერები 10 აგვისტომდე გაიცემა, მისი გამოყენების ბოლო ვადა კი, პირველი ოქტომბერია

ტაქსების რეფორმის ფარგლებში ვაუჩერები 10 აგვისტომდე გაიცემა, ხოლო მისი გამოყენების ბოლო ვადა პირველი ოქტომბერია. აღნიშნულ საკითხზე დღეს თბილისის მთავრობის სხდომაზე დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ისაუბრა.

კალაძის განმარტებით, ვაუჩერის ფარგლებში, ავტომანქანის ფერის შეცვლა (შეღებვა ან თეთრი ფირის გადაკვრა), ასევე ქიმწმენდა სწორედ პირველ ოქტომბრამდე უნდა მოხდეს.

„მინდა, კიდევ ერთხელ შევეხო რეფორმას, რომელიც გასულ წელს დავიწყეთ, ტაქსების რეფორმის საკითხს. მერიის მიერ შემუშავებული ვაუჩერების გაცემის ვადა მიმდინარე წლის 10 აგვისტოა, რაც იმას ნიშნავს, რომ მიღების მსურველებმა შესაბამის მისამართზე უნდა მიმართონ კომპანიას. ვაუჩერის განაღდების ბოლო ვადა მიმდინარე წლის პირველი ოქტომბერია, რაც იმას ნიშნავს, რომ ვაუჩერის განაღდება, ანუ ავტომანქანის ფერის შეცვლა (შეღებვა ან თეთრი ფირის გადაკვრა), ასევე ქიმწმენდა უნდა მოხდეს პირველ ოქტომბრამდე“, – აღნიშნა კალაძემ.

მისი თქმით, პირველი ოქტომბრიდან ტაქსების რეფორმის მეორე ეტაპი იწყება.

„არაერთხელ გვისაუბრია, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ამ რეფორმის განხორციელება, რათა ბენეფიტი მიიღონ, როგორც ტაქსის მძღოლებმა, ვინც ამ სერვისს ახორციელებს, ასევე ადამიანებმა, რომლებიც ამ სერვისით სარგებლობენ. ეს მიმართულება აუცილებლად უნდა იყოს მოწესრიგებული ჩვენს ქვეყანაში, როგორც ზოგადად, სატრანსპორტო პოლიტიკაში გვაქვს ნათქვამი. აღარ გავაგრძელებ, რამდენად მნიშვნელოვანია საზოგადოებრივი ტრანსპორტი და რა ნაბიჯებია გადადგმული ამ მიმართულებით“, – განაცხადა კახა კალაძემ.