ტანას ხეობაში 150 ფრთა გნოლი და 150 ფრთა კაკაბი ველურ ბუნებაში გაუშვეს
ველური ბუნებისა და დაცული ტერიტორიების სააგენტოების სპეციალისტებმა, შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულთან, სიმონ გულედანთან და გორის მუნიციპალიტეტის მერთან, კონსტანტინე ბუზალაძესთან ერთად, გორის მუნიციპალიტეტში, ტანას აღკვეთილში, ველურ ბუნებაში 150 ფრთა გნოლი და 150 ფრთა კაკაბი გაუშვეს, – ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
მათივე ცნობით, აღნიშნულ ტერიტორიაზე ფრინველების ბინადრობისა და გამრავლებისთვის შესაბამისი ბუნებრივი გარემოა.
„ღონისძიების მიზანია გნოლისა და კაკბის პოპულაციების გამრავლება, მათი ბუნებრივ გარემოში გავრცელება და ველური ფაუნის მრავალფეროვნების ხელშეწყობა.
კაკბები და გნოლები გორის მუნიციპალიტეტს საჩუქრად საქველმოქმედო ფონდმა, „ქართუმ“ გადასცა. ბიძინა ივანიშვილი და მისი ოჯახი, უკვე წლებია, უნიკალური ფრინველების გამრავლებასა და შემდგომ მათ ველურ ბუნებაში გაშვებას აფინანსებენ.
მათ შორისაა წითელ წიგნში შეტანილი კოლხური ხოხობი, რომელიც გადაშენების საფრთხის წინაშე იდგა. ბიძინა ივანიშვილის ოჯახის ინიციატივითა და დაფინანსებით, საქართველოს ველურ ბუნებაში უკვე რამდენიმე ათასი ხოხობი, კაკაბი და გნოლი გავრცელდა“, – ნათქვამია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.