თანამშრომლობა გრძელდება - ფეხბურთის ფედერაცია, UNFPA და „ლოკომოტივი“ მემორანდუმს განაახლებენ
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას, გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისსა და საფეხბურთო კლუბ თბილისის „ლოკომოტივს“ შორის ურთიერთ თანამშრომლობის მემორანდუმი განახლდება.
ორგანიზაციებს შორის პირველი მემორანდუმი 2018 წელს გაფორმდა. სამმხრივი შეთანხმების საფუძველზე მემორანდუმის განახლება კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს იმ თანამშრომლობის მნიშვნელობას, რომელიც საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას, UNFPA-ს და საფეხბურთო კლუბ „თბილისის ლოკომოტივს“ შორის უკვე მრავალი წელია, არსებობს.
მემორანდუმს ხელმოწერა 26 ივნისს 11 საათზე სასტუმრო „სტამბაში” (თბილისი, კოსტავას 14) შედგება. გაეროს მოსახლეობის ფონდს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი ლელა ბაქრაძე წარმოადგენს, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას – პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი, ხოლო თბილისის „ლოკომოტივს“ – ტექნიკური დირექტორი გიორგი ყიფიანი.
მემორანდუმის თანახმად, ფეხბურთის ფედერაციისა და თბილისის „ლოკომოტივის“ ხელშეწყობით, ფეხბურთელები აქტიურ მონაწილეობას მიიღებენ UNFPA-ს ისეთ აქტივობებში, რომელიც მიზნად ისახავს გენდერული თანაწორობის იდეისა და ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაციას. ასევე გენდერული თანასწორობის მიღწევის პროცესში მამაკაცების მეტ ჩართულობის კამპანიის „კაცები ზრუნავენ“ ფარგლებში.