თანამშრომელთა გაფიცვის გამო, კომპანია „ბორჯომში“ წარმოების პროცესი დროებით ისევ შეჩერებულია
თანამშრომელთა გაფიცვის გამო, კომპანია „ბორჯომში“ წარმოების პროცესი დროებით ისევ შეჩერებულია

კომპანია „ბორჯომში“ წარმოების პროცესი დროებით ისევ შეჩერებულია. პირველი და მეორე ჩამომსხმელი ქარხნის მუშები გაფიცვას აგრძელებენ.

დღეს დაანონსებული აქცია ბორჯომის მერიასთან აღარ იქნება. გაფიცულები მასშტაბურ პროტესტს ქარხნის მიმდებარე ტერიტორიაზე 16:30 საათზე გეგმავენ.

როგორც ვაჭრობისა და მრეწველობის პროფესიული კავშირის თავმჯდომარემ განაცხადა, მასშტაბური აქცია პროფკავშირის მიერ იქნება ორგანიზებული და მათ სხვადასხვა პროფესიული კავშირის წევრები რეგიონებიდან შემუერთდებიან.

კომპანია „ბორჯომის“ გაფიცული თანამშრომლები კომპანიის ბოლო განცხადებას გამოეხმაურნენ. გაფიცულები უარს ამბობენ პროფკავშირის გარეშე კომპანიასთან პირდაპირ მოლაპარაკებაზე.

„ჩვენი მოთხოვნები უცვლელი რჩება. ვითხოვთ ხელფასების 30 პროცენტით მატებას. კომპანიისგან ვითხოვთ შრომითი პირობების გაუმჯობესებას. რაც შეეხება განცხადებას, თითქოს კომპანია მზადაა მოლაპარაკებები გააგრძელოს და ხელფასები მოგვიმატონ, ეს მხოლოდ განცხადებად რჩება.

ჩვენ პროფკავშირის გარეშე პირდაპირ მოლაპარაკებაზე უარს ვაცხადებთ. კომპანიასთან ერთი წელი გვქონდა პირდაპირი მოლაპარაკება და აღარ გვინდა, მოვტყუვდეთ. დღეს იქნება მასშტაბური აქცია. სადაც აქამდე მოვედით, უკან დახევას აღარ ვაპირებთ“, – აცხადებს გაფიცული თანამშრომელი ბექა სტეფნაძე.

დატოვე კომენტარი