თანამგზავრული მონაცემები მიუთითებს, რომ ბოლო 47 წელში დედამიწამ 12 ტრილიონი ტონა ყინული დაკარგა — #1tvმეცნიერება
ახალი მოხსენების თანახმად, სულ რაღაც 47 წელიწადში, დედამიწის ორმა უდიდესმა ყინულის საფარმა 12 ტრილიონ ტონაზე მეტი ყინული დაკარგა. მოხსენების ავტორია 58 მეცნიერი მსოფლიოს სხვადასხვა ინსტიტუციიდან.
მონაცემები მიუთითებს, რომ 1979 წლის შემდეგ, გრენლანდიისა და ანტარქტიკის ყინულის საფარის დნობამ ჯამში გლობალური ზღვის დონე დაახლოებით 31,4 მილიმეტრით ასწია.
ჯგუფმა შეკრიბა 42 ცალკეული მიმოხილვა ყინულოვანი საფარის შესახებ, რომლებიც 27 თანამგზავრის მონაცემებს ეყრდნობოდა.
შედეგი შეიძლება ყველაზე საიმედო გრძელვადიანი ჩანაწერი იყოს ამ დროისათვის, რომელიც დეტალურად აღწერს იმ ცვლილებებს, რომლებიც პლანეტის ორ უდიდეს ყინულოვან საფარში მოხდა ბოლო ხუთი ათწლეულის განმავლობაში.
გრენლანდიის ყინულის საფარის თანამგზავრული ჩანაწერები 1972 წლიდან იწყება; ანტარქტიკის შემთხვევაში კი 1979 წლიდან.
„ჩვენი შეფასება ითვალისწინებს მხოლოდ ყინულის საფარის მასის ცვლილებას, რასაც წვლილი შეაქვს ზღვის დონეში და არ ითვალისწინებს ყინულის შელფის გათხელებით, უკან დახევით ან ზღვის დონის ქვემოთ ფსკერზე დაყრდნობილი ყინულის უკანდახევით გამოწვეული ყინულის დანაკარგებს“, — წერენ მკვლევრები.
მკვლევართა შეფასებით, ყინულის დნობის 84 პროცენტი განპირობებულია მყინვართა დინამიკაში არსებული დისბალანსით, განსაკუთრებით იმ წერტილში, სადაც ისინი ოკეანეს ხვდებიან.
„ყინულის დანაკარგის ოთხი-მეხუთედი ზედაპირზე კი არ გადნა, არამედ ოკეანეში ჩაიტანა სწრაფად დენადმა მყინვარებმა, რაც გვიჩვენებს, რომ გრძელვადიან ტენდენციას მართავს ყინულის საფარის დინამიკური პასუხები ოკეანის გათბობისადმი“, — განმარტავს კვლევის ავტორი, ბრიტანეთის ნორთუმბრიის უნივერსიტეტის გლაციოლოგი ინეს ოტოსაკა.
ყინულის დანაკარგის დანარჩენი 16 პროცენტი დაკავშირებულია ატმოსფეროსთან — მაგალითად, ზედაპირის დნობასა და თოვლთან.
ვინაიდან წიაღისეული საწვავის წვის გამო, ატმოსფეროში სათბურის აირების გამოყოფა გრძელდება, სითბოს უმეტეს ნაწილს ოკეანე შთანთქავს, რომელიც გარდაუვალად გროვდება ჩვენს ბიოსფეროში.
რაც უფრო მეტი ეს სიცხის ენერგია შედის ოკეანის სისტემებში, მისი წყლები უფრო თბება, დინებები კი ჰიპერაქტიური ხდება.
გრენლანდიაში ეს იწვევს პროცესს, რომელსაც „ატლანტიფიკაციას“ უწოდებენ — როცა ატლანტის ოკეანის თბილი წყალი სულ უფრო ჩრდილოეთით აღწევს, ვიდრე იქამდე და იჭრება მსოფლიოში მეორე უდიდეს ყინულის მასაში.
ანტარქტიკაში, მსოფლიოში უდიდეს ყინულის საფარზე ასევე ჩქარდება პოლარული წრის მიმდებარე დინებები, რომლებსაც ძლიერი ქარები და თბილი წყლები მართავს.
რადგან ამ დინებებს თბილი წყალი ყინულის საფართან მიაქვთ დედამიწის ორივე ბოლოში, ისინი ასევე უფრო ღრმად იჭრებიან მყინვარებში და მათ ქვეშ, გადასცემენ სითბოს ახალი კუთხეებიდან.
ეს დანაკარგი 1990-იანი წლების შემდეგ მკვეთრად დაჩქარდა და მისი შეცვლის არავითარი ნიშანი არ ჩანს.
მიუხედავად ამისა, როცა 2020-2023 ჩანაწერებს დახედავ, იფიქრებ, რომ ანტარქტიდის ნახევარკუნძული დასტაბილურდა.
ოტოსაკას განცხადებით, როგორც ჩანს, ეს მხოლოდ მოკლევადიანი ამინდის ცვალებადობის ანარეკლია, განსაკუთრებით რეკორდული თოვლი აღმოსავლეთ ანტარქტიკაში. მისი თქმით, 2023 წლის შემდეგ აღებული და ჯერ გამოუქვეყნებელი გაზომვები მიუთითებს, რომ ყინულის დნობის დაჩქარების ტენდენცია განახლდა.
„ეს შედეგები ცხადყოფს საერთაშორისო სამეცნიერო თანამშრომლობის ფუნდამენტურ მნიშვნელობას ჩვენი დროის მასშტაბურ გარემოსდაცვით ცვლილებებთან გამკლავების პროცესში“, — ამბობს ევროპის კოსმოსური სააგენტოს წარმომადგენელი დიეგო ფერნანდესი, რომელიც ამ კვლევაში ჩართული არ ყოფილა.
მომავალში ეს აღმოჩენები მეცნიერებს ზღვის დონის მოსალოდნელი აწევის უფრო ზუსტად პროგნოზირებაში დაეხმარება; ასევე შესაძლოა, ჩვენც გვიბიძგოს, გადაუდებელი გადაწყვეტილებები მივიღოთ ჩვენი პლანეტის მომავლისთვის.
კვლევა Scientific Data-ში გამოქვეყნდა.
მომზადებულია Phys.Org-ისა და ScienceAlert-ის მიხედვით.