თანამედროვე ხელოვნების ვენეციის 59-ე საერთაშორისო გამოფენაზე ქართული ეროვნული პავილიონი გაიხსნა
თანამედროვე ხელოვნების ვენეციის 59-ე საერთაშორისო გამოფენაზე ქართული ეროვნული პავილიონი გაიხსნა

თანამედროვე ხელოვნების ვენეციის 59-ე საერთაშორისო ბიენალეზე საქართველოს ეროვნული პავილიონი გაიხსნა. გახსნის ოფიციალურ ღონისძიებაში საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, თეა წულუკიანმა მიიღო მონაწილეობა.

მინისტრმა აღნიშნა, რომ პროექტის ავტორებმა, მარიამ ნატროშვილმა და დეთუ ჯინჭარაძემ აბსოლუტურად განსხვავებული პროექტი წარმოადგინეს ვენეციის ბიენალეს ფარგლებში.

„ჩვენ არაერთი სხვა ქვეყნის მიერ წარმოდგენილ პავილიონებს ვეწვიეთ და არ ვიქნები მიკერძოებული, თუ ვიტყვი, რომ ეს არის ერთ-ერთი გამორჩეული პავილიონი საქართველოდან მთელი ბიენალეს ფარგლებში. ეს არიან ახალგაზრდა ხელოვანები, რომლებიც თბილისში საქმიანობენ და როდესაც კონკურსი ჩავატარეთ და შევარჩიეთ პროექტი, ჩვენთვის ესეც იყო მნიშვნელოვანი, რომ არა მხოლოდ ახალი და ახალგაზრდა თაობის ხელოვანები წარმოგვედგინა ბიენალეზე, არამედ წარმოგვედგინა ისინი, ვინც საქართველოშია დარჩენილი, საქართველოში ეწევა შემოქმედებით საქმიანობას. რასაკვირველია, ეს პროდუქტი, რომელიც ძალიან ბევრ მნახველს ახარებს და აინტერესებს, არის გამორჩეული იმიტომ, რომ ახალ ტექნოლოგიებს იყენებს. ე.წ. VR-ის ტექნოლოგია ჯერ კიდევ ახალი სიტყვაა ხელოვნებაში და დისკუსიაც კი მიმდინარეობს იმის შესახებ, არის თუ არა ეს ხელოვნების მომავალი. ამიტომ, ქართული პავილიონი და ქართველები არიან ავანგარდში, ამას მხარს უჭერს კულტურის სამინისტრო და არ დაგიმალავთ, ეს ძალიან გვეამაყება კიდეც“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

მინისტრმა ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ წელს პირველად, ვენეციის ბიენალეს საქართველოს ეროვნული პავილიონის ფარგლებში, ახალგაზრდებისთვის სახელოვნებო რეზიდენცია მუშაობს, ხოლო ვენეციიდან დაბრუნებისთანავე რეზიდენტებს კულტურის სამინისტრო მის მუზეუმებში მუშაობის დაწყებას შესთავაზებს.

ვენეციის ბიენალეზე საქართველოდან წარმოდგენილია კულტურის სამინისტროს მიერ გამოცხადებული კონკურსის გამარჯვებული პროექტი „მე ვწუხვარ ბაღზე“, რომლის წარმდგენი ორგანიზაციაა ა(ა)იპ „მდგომარეობებს შორის“.

„მე ვწუხვარ ბაღზე“ თბილისში მცხოვრები და მომუშავე მხატვრების, მარიამ ნატროშვილის და დეთუ ჯინჭარაძის ნამუშევარია. ეს არის მულტიმედიური პროექტი, რომელიც მოგვითხრობს დასასრულის წინათგრძნობაზე და დიდი ზომის ვიდეო ინსტალაციის და VR (ვირტუალური რეალობის) გამოცდილების საშუალებით მნახველს ანთროპოცენის ეპოქის მაგიურ რეალიზმში იწვევს. VR გამოცდილების ცენტრალური სცენა გადაშენებული მცენარეების ბაღია, რომელიც ადამიანის ჩარევის შედეგად გამქრალ მცენარეებს აერთიანებს. აჩრდილების ბაღი, ეკოლოგიური კრიზისი, წარმოდგენილია,  როგორც დასასრულის ერთ-ერთი ნიშანი. ვიდეო ნამუშევარში ვიზუალური რიგითობა წინასწარ განსაზღვრული არ არის და თვითგენერირებადია. ვიდეო-თამაშის პლატფორმაზე აწყობილი VR გამოცდილება ინტერაქციულია. „მე ვწუხვარ ბაღზე” მაყურებელს თხრობის მითო-პოეტური ფორმებით მოდელირებულ იმერსიულ გარემოში აქცევს.

ვენეციის საერთაშორისო გამოფენა 2022 წლის 27 ნოემბრამდე გასტანს. 59-ე ბიენალეს კურატორია სესილია ალემანი, საერთაშორისო გამოფენის თემა და სახელწოდებაა „რძე სიზმრებისა“.

კულტურის სამინისტრომ საქართველოს ეროვნული პავილიონის მოსაწყობად საგამოფენო სივრცე ვენეციაში, კუნძულ ჯუდეკაზე შეარჩია (132 კვ.მ., მისამართი: Fondamenta S. Biagio, 800/o, 30133 Venezia VE, Italy), რომელიც 13 აპრილიდან პირველ დეკემბრამდე საქართველოს განკარგულებაში იქნება.

როგორც ცნობილია, კულტურის სამინისტროს გადაწყვეტილებით, წელს პირველად, ვენეციის 59-ე ბიენალეს მიმდინარეობის შვიდი თვის განმავლობაში, საქართველოს ეროვნული პავილიონის ფარგლებში იმუშავებს სახელოვნებო რეზიდენცია ქართველი ახალგაზრდებისათვის. პროგრამაში მონაწილე ახალგაზრდა ხელოვანების შესარჩევად კულტურის სამინისტრომ კონკურსი მიმდინარე წლის მარტში გამოაცხადა, რომლის ფარგლებშიც რეზიდენციის ხუთი მონაწილე გამოვლინდა.

ინფორმაციას კულტურის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.