თანაინვესტირების ფონდი და კომპანია PHARMIN-ი ​ურუგვაიში არსებულ წარმოებასთან ბიძინა ივანიშვილის კავშირს უარყოფენ
თანაინვესტირების ფონდი და კომპანია PHARMIN-ი ​ურუგვაიში არსებულ წარმოებასთან ბიძინა ივანიშვილის კავშირს უარყოფენ

საქართველოს თანაინვესტირების ფონდი „ტვ პირველის“ ეთერში ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას სიცრუეს უწოდებს.

ფონდის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ინფორმაცია წარმოადგენს გარკვეული პოლიტიკური ჯგუფების, ასევე მათ მიერ კონტროლირებადი მედიის მიერ წარმოებული ცილისმწამებლური კამპანიის ნაწილს.

„გვსურს, გამოვეხმაუროთ ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში გასულ ანონსს, თითქოს ბატონი ბიძინა ივანიშვილი, სამხრეთ ამერიკაში, კანაფის კულტივაციის პროექტის ავტორი და ინვესტორია. აღნიშნული ინფორმაცია არის მტკნარი სიცრუე და წარმოადგენს გარკვეული პოლიტიკური ჯგუფების, ასევე მათ მიერ კონტროლირებადი მედიის მიერ ჩვენი ფონდის დამფუძნებლის წინააღმდეგ პოლიტიკური მიზნებით წარმოებული მრავალწლიანი ცილისმწამებლური კამპანიის ნაწილს.

ბატონ ბიძინა ივანიშვილს, ისევე როგორც მისი ინიციატივით დაფუძნებულ თანაინვესტირების ფონდს, არავითარი კავშირი არ აქვს ურუგვაიში არსებულ წარმოებასთან. ჩვენი ინფორმაციით, აღნიშნული პროექტის მფლობელი გახლავთ ქართველი ბიზნესმენი, თემურ უგულავა, რომელსაც არანაირი შეხება ჩვენს ფონდთან არ გააჩნია.

რაც შეეხება „საქართველოს თანაინვესტირების ფონდის“ ორი ყოფილი თანამშრომლის, ქალბატონი ანა ქობალიას და ბატონი ნიკა ბოლქვაძის აღნიშნულ პროექტში მონაწილეობას. გვინდა განვაცხადოთ, რომ ისინი გარკვეული პერიოდის განმავლობაში მართლაც მუშაობდნენ საქართველოს თანაინვესტირების ფონდში, თუმცა 2019 წლის მარტის თვეში, საკუთარი სურვილით დატოვეს ფონდი და არ ვფლობთ ინფორმაციას, თუ სად გააგრძელეს საქმიანობა, ისევე როგორც არ ვფლობთ ინფორმაციას იმ ათეულობით თანამშრომლის შესახებ, რომლებიც სხვადასხვა დროს საქმიანობდნენ შვიდი წლის წინ დაფუძნებულ თანაინვესტირების ფონდში. ამის თაობაზე ჩვენ შესაბამისი განმარტება მივეცით „ტვ პირველს“, თუმცა ტელეკომპანია ჯიუტად ცდილობს ამტკიცოს, თითქოს ფონდი ამ ან სხვა ინფორმაციას მალავს და არ ასაჯაროებს“, – აღნიშნულია საქართველოს თანაინვესტირების ფონდის განცხადებაში.

ამასთან, ტელეეთერში გასულ ანონსს ეხმიანება კომპანია PHARMIN-ი. კომპანიაში აღნიშნავენ, რომ გავრცელებული ინფორმაცია ყალბია და არ შეესაბამება სინამდვილეს, ვინაიდან კომპანია PHARMIN-ის ერთადერთი ინვესტორი თემურ უგულავაა.

„გაკვირვებულები ვართ ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში გასული ანონსის შინაარსით, რომელშიც ყოველგვარი არგუმენტების გარეშე საუბარია საქართველოს თანაინვესტირების ფონდისა და მისი დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის კავშირებზე ურუგვაიში დაფუძნებულ ჩვენს კომპანიასთან. ეს ინფორმაცია ყალბია და არ შეესაბამება სინამდვილეს, ვინაიდან კომპანია PHARMIN-ის ერთადერთი ინვესტორი ბატონი თემურ უგულავაა.

PHARMIN-ი ლიცენზირებული კომპანიაა, რომლის საქმიანობაც სამედიცინო კანაფის კულტივაცია, მისგან ზეთის გამოხდა და სხვადასხვა სამედიცინო პროდუქციის წარმოებაა. კომპანია ოპერირებს ურუგვაიში, ყველა ადგილობრივი და საერთაშორისო კანონის დაცვით. გვინდა, ხაზი გავუსვათ, რომ PHARMIN-ის პროდუქცია მხოლოდ სამედიცინო მიზნებისთვის გამოიყენება“, – აცხადებენ კომპანია PHARMIN-ში.

დატოვე კომენტარი