თამთა სოფრომაძე - ეროვნული ბანკი მკაცრი მონეტარული პოლიტიკიდან გამოსვლას აგრძელებს, მოლოდინია, რომ წელს ინფლაცია სამპროცენტიან სამიზნე მაჩვენებელთან ახლოს შენარჩუნდება
თამთა სოფრომაძე - ეროვნული ბანკი მკაცრი მონეტარული პოლიტიკიდან გამოსვლას აგრძელებს, მოლოდინია, რომ წელს ინფლაცია სამპროცენტიან სამიზნე მაჩვენებელთან ახლოს შენარჩუნდება

საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის განყოფილების უფროსის, თამთა სოფრომაძის განცხადებით, ეროვნული ბანკი მკაცრი მონეტარული პოლიტიკიდან გამოსვლას განაგრძობს.

მისივე თქმით, დაბალი ინფლაცია შიდა და საგარეო ფაქტორების ერთობლიობის შედეგია.

ამასთან, როგორც თამთა სოფრომაძემ აღნიშნა, მოლოდინია, რომ მიმდინარე წელს ინფლაცია სამპროცენტიან სამიზნე მაჩვენებელთან ახლოს შენარჩუნდება.

„საქართველოს ეროვნული ბანკი მკაცრი მონეტარული პოლიტიკიდან გამოსვლას აგრძელებს და მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 0.75 პროცენტული პუნქტით, 8.25 პროცენტამდე შეამცირა. საქართველოში დაბალინფლაციური გარემო ნარჩუნდება და მთლიანი ინფლაცია სამპროცენტიან სამიზნე მაჩვენებელზე დაბალია. ეს როგორც შიდა, ასევე საგარეო ფაქტორების ერთობლიობის შედეგია. ერთი მხრივ, მკაცრი მონეტარული პოლიტიკის შედეგად ინფლაციური მოლოდინები და ადგილობრივი ინფლაცია მცირდება, მეორე მხრივ, მნიშვნელოვნად შემსუბუქდა საგარეო ფაქტორების ზეგავლენაც.

ამავდროულად, კვლავ არსებობს ინფლაციური რისკები, თუმცა მათი ზეგავლენა და სიმწვავე შემსუბუქებულია. ჩვენ მოველით, რომ მიმდინარე წელს ინფლაცია სამპროცენტიან სამიზნე მაჩვენებელთან ახლოს შენარჩუნდება. სწორედ ამ ტენდენციებმა და მოლოდინებმა ეროვნულ ბანკს მისცა საშუალება, მკაცრი მონეტარული პოლიტიკიდან გამოსვლა გაეგრძელებინა, თუმცა კვლავ ვაკვირდებით ინფლაციურ რისკებს, მსოფლიოში არსებულ ტენდენციებს და ინფლაციური რისკები თუ გამოიკვეთება, შესაძლებელია, მიმდინარე მკაცრი პოზიციის უფრო ხანგრძლივად შენარჩუნება ან მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებაც გახდეს საჭირო“, – განაცხადა თამთა სოფრომაძემ.

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 0.75 პროცენტით, 8.25 პროცენტამდე შეამცირა.