თამილა ლაფანიშვილი - შეწყალების აქტში არსად არის ნათქვამი, რომ ვინმე რამეს აღიარებს
თამილა ლაფანიშვილი - შეწყალების აქტში არსად არის ნათქვამი, რომ ვინმე რამეს აღიარებს

ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლებას რა შეეხება, პირველ რიგში, მინდა აღვნიშნო სახელმწიფო და სახელმწიფო ორგანოები, – ამის შესახებ ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის მეუღლემ, თამილა ლაფანიშვილმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, ვაჟა გაფრინდაშვილის შეწყალების აქტში არსად არის ნათქვამი, რომ ვინმე რამეს აღიარებს.

„გათავისუფლებას რა შეეხება, პირველ რიგში, მინდა აღვნიშნო სახელმწიფო და სახელმწიფო ორგანოები, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის სამინისტრო, საგარეო საქმეთა სამინისტრო, ვინმე რომ არ გამომრჩეს. სახელობითად, ყველას ჩამოთვლა არის წარმოუდგენელი. ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები, ჩვენი მეგობრები საზღვარგარეთ, ჩვენი სამოქალაქო საზოგადოება, იგივე ჟურნალისტები და ჩვენი მეგობრები – ყველას სათითაოდ, სახელობითად ვერ ჩამოვთვლით. იგივე, ჩვენი გამოჩენილი მომღერლები იქნება, მეცნიერები, თუ მწერლები, ყველა. ასევე, ბატონი პაატა ბურჭულაძე. საზღვრებს შიგნით, თუ საზღვრებს გარეთ, ძალიან ბევრი ადამიანი. ვცდილობ, სათითაოდ ყველას დავურეკო და მადლობა გადავუხადო.

ახლა იმდენად ახალი ამბავია, ყველაფერს ვერ მოვასწრებთ და ამიტომ, ძირითადი ინტერესი დავაკმაყოფილოთ და დანარჩენ დეტალებზე ჩვენ აუცილებლად გვექნება საუბარი. იგივე, იქ რა განაჩენი იყო. ის სასამართლო ჩვენი სახელმწიფოს მიერ არაღიარებულია და არ ვაღიარებთ, მაგრამ იგივე საკასაციო სარჩელი, რომელიც ჩვენ შევიტანეთ, სამშაბათს უნდა ყოფილიყო განხილვა. მაგრამ, ეს შეწყალება თვითონ ძალიან კარგი აქტია და ერთ-ერთი მნიშვნელოვანი. თან, შეწყალების აქტში არსად არის ნათქვამი, რომ ვინმე რამეს აღიარებს. პირიქით, იქ არის დაფიქსირებული, რომ ეს ადამიანი თავის ბრალს არ აღიარებს. აღიარებს, რომ საზღვარია ფსოუზე და როკის გვირაბთან. ამიტომ, მე პირადად, ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო იმას, ვინც შეიწყალა“, – განაცხადა თამილა ლაფანიშვილმა.

ოკუპირებულ ცხინვალში უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლებულმა ვაჟა გაფრინდაშვილმა პრესკონფერენცია დღეს გამართა, სადაც მისი დაკავებისა და გათავისუფლების შესახებ ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.