თამილა ლაფანაშვილი - უპარტიოს, პარტიულს, ყველას გთხოვთ, ვაჟა გაფრინდაშვილთან დაკავშირებით ფრთხილი განცხადებები გავაკეთოთ
ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებული ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის მეუღლე, თამილა ლაფანაშვილი ყველა ადამიანს, უპარტიოსა თუ პარტიის წარმომადგენელს, თხოვნით მიმართავს, გაფრინდაშვილთან დაკავშირებით განცხადებების გაკეთებისას სიფრთხილე გამოიჩინონ.
„მინდა, მოგმართოთ, ყოველი სიტყვა და ფრაზა, რომელსაც ვამბობთ, რომლითაც გამოვხატავთ მის მხარდამჭერას გინდა აქ, გინდა თბილისში, ინტერვიუებში, ან ჩვენს გამონათქვამებში, ყოველი სიტყვა არის დასაფიქრებელი, რადგან ნებისმიერი შეიძლება, მის საზიანოდ მოტრიალდეს. მინდა, ყველას მადლობა გადაგიხადოთ, ყველა უპარტიოს, პარტიულს, ყველა წარმომადგენელს, გთხოვთ, გაიზიაროთ ეს ჩვენი თხოვნა და ფრთხილი განცხადებები გავაკეთოთ, სანამ ვაჟა გაფრინდაშვილი დაგვიბრუნდება და ისედაც, შემდეგაც, ჩვენი შერიგებისა და ერთად ყოფნისთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ეს აქცია არის ჰუმანური, არაპოლიტიკური და არაძალობრივი“ ,- განაცხადა თამილა ლაფანაშვილმა.
საოკუპაციო ხაზთან ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის მხარდასაჭერი აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები პირველი რესპუბლიკის მოედანზე დილიდან შეიკრიბნენ და საოკუპაციო ხაზისკენ მსვლელობით გაემართნენ.
აქციის მონაწილეებს შორის ოჯახის წევრების გარდა, ექიმის კოლეგები, რიგითი მოქალაქეები და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები იმყოფებიან.
ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი უკვე ერთ თვეზე მეტია, ცხინვალის იზოლატორში პატიმრობაში იმყოფება. ექიმი 9 ნოემბერს დააკავეს.
ოკუპანტები ვაჟა გაფრინდაშვილს ე.წ. საზღვრის კვეთაში სდებენ ბრალს, თუმცა გაფრინდაშვილი აცხადებს, რომ საქართველოს ტერიტორიაზე საზღვრებს არ აღიარებს და შესაბამისად, არც ბრალს აღიარებს.
ოკუპირებულ ცხინვალში 13 დეკემბერს ვაჟა გაფრინდაშვილის ე.წ. სასამართლო პროცესი გაიმართა. ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმმა ვაჟა გაფრინდაშვილი პატიმრობაში დატოვა.