თამილა ლაფანაშვილი ჟენევის მოლაპარაკების მონაწილეებს მიმართავს, გამოიყენონ ყველა ბერკეტი ვაჟა გაფრინდაშვილის უპირობოდ და დაუყოვნებლივ გასათავისუფლებლად
თამილა ლაფანაშვილი ჟენევის მოლაპარაკების მონაწილეებს მიმართავს, გამოიყენონ ყველა ბერკეტი ვაჟა გაფრინდაშვილის უპირობოდ და დაუყოვნებლივ გასათავისუფლებლად

ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებული ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის მეუღლე თამილა ლაფანაშვილი ჟენევის მოლაპარაკების მონაწილეებს მიმართავს, ექიმის უპირობოდ გასათავისუფლებლად, მათ ხელთ არსებული ყველა ბერკეტი მაქსიმალურად გამოიყენონ.

„10-11 დეკემბერს ჟენევის მოლაპარაკებების წინ მონაწილე მხარეებს მოვუწოდებთ, რომ მათ ხელთ არსებული ყველა ბერკეტი მაქსიმალურად გამოიყენონ ვაჟა გაფრინდაშვილის უპირობოდ გასათავისუფლებლად. იგრძნონ სრული პასუხისმგებლობა და პრობლემის სიმწვავე. ვაჟა განიხილონ არა მხოლოდ, როგორც საქართველოს, არამედ როგორც ევროსაბჭოს წევრი ქვეყნის მოქალაქე, რათა მოხდეს შეთანხმება და ვაჟა გაფრინდაშვილი უპირობოდ, დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს. მიუდგნენ, როგორც საკუთარი ქვეყნის მოქალაქეს“, – განაცხადა თამილა ლაფანაშვილმა.

ამასთან, მან ყველა მხარეს მოუწოდა, მოლაპარაკებებში გაერო-ს ადამიანის უფლებათა დაცვის უმაღლესი კომისარი ჩართონ. დაკავებული ექიმის მეუღლე საქართველოს მთავრობისგან მეტად ქმედით ნაბიჯებს ითხოვს.

„მოვითხოვთ, რომ შეიქმნას უწყებათაშორისი საგანგებო, საკოორდინაციო კომისია. მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფო პირველივე დღიდან ჩართულია ვაჟა გაფრინდაშვილის გამათავისუფლებელ მოლაპარაკებებში, გვესმის სხვადასხვა თანამდებობის პირების დაპირებები, თუმცა ერთი თვის თავზე კვლავ ტყვეობაში რჩება და შედეგი ნულია“, – აღნიშნა თამილა ლაფანაშვილმა.

ლაფანაშვილის თქმით, ხვალ, 10: 00 საათზე, ჟენევაში, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ოფისთან ვაჟა გაფრინდაშვილის მხარდასაჭერი აქცია „თავისუფლება ვაჟა ექიმს“ გაიმართება.

„დარწმუნებული ვართ, ამ მოლაპარაკების ოთხივე მხარეს არიან ადამიანები და მათ გააჩნიათ ადამიანური თანაგრძნობის ღირსების შეგრძნება.თუ აღნიშნულმა ქმედებებმა შედეგი არ გამოიღო, მივმართავთ პროტესტის უფრო რადიკალურ ფორმებს. იმედს ვიტოვებთ, ამ კვირის განმავლობაში ვაჟას გათავისუფლების საკითხი სასიკეთოდ გადაწყდება და ოჯახს დაუბრუნდება“, – განაცხადა ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის მეუღლემ.