თამილა დოლიძე - საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერი ცოტა განსხვავებული ეთერია, რადგან ჩვენს ეთერში ისმის იმ ადამიანების ხმა, ვისი ხმაც არ ისმის სხვა ტელევიზიებში, გინდ ოპოზიციურში, გინდ არაოპოზიციურში
თამილა დოლიძე - საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერი ცოტა განსხვავებული ეთერია, რადგან ჩვენს ეთერში ისმის იმ ადამიანების ხმა, ვისი ხმაც არ ისმის სხვა ტელევიზიებში, გინდ ოპოზიციურში, გინდ არაოპოზიციურში

საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერი ცოტა განსხვავებული ეთერია, რადგან ჩვენს ეთერებში ისმის იმ ადამიანების ხმა, ვისი ხმაც არ ისმის სხვა ტელევიზიებში, გინდ ოპოზიციურში, გინდ არაოპოზიციურში, – ამის შესახებ საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრმა, თამილა დოლიძემ პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა თამთა სანიკიძესთან ერთად“ განაცხადა.

„ზოგადად, ამბები დაიწყო აჭარიდან. იცით, რომ საქართველოში არის ორი საზოგადოებრივი მაუწყებელი – პირველი არხი და საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიო. ვიდრე აქ დაიწყებოდა აქციები, ერთი დღით ადრე აქცია დაიწყო აჭარის ტელევიზიასა და რადიოში, თუმცა განსხვავება, იცით, როგორია? აჭარის ტელევიზიაში როგორც კი შედიხარ, შესასვლელში, ხელმარცხნივ არის სტუდია, სადაც დაცვა ან ვინმე თუ არ დგას, თავისუფლად შეუძლია შევიდეს ყველა მოქალაქეს. რამდენიმე დღის წინ დავინახეთ, რომ მოხდა რაღაც მცირე ინციდენტი. რა თქმა უნდა, ადამიანები როდესაც ითხოვენ ეთერს, ეთერი მათ უნდა მიეცეთ და მიეცათ კიდეც. მაგალითად, აჭარის ტელევიზიასა და რადიოში ასეთი ეთერი არის ორ თოქშოუში, ეს არის ვახო ხუზმიაშვილის „თავისუფალი სივრცე“ და გადაცემა „სათქმელი“. შემიძლია ვთქვა, რომ ერთ-ერთ თოქშოუში მოქალაქეების ხმაც ისმის, რადგან ეთერი გაყოფილია სამ ნაწილად. საუბრობენ სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლები, ხოლო მესამე ნაწილში ყოველთვის არის ადამიანი, რომელიც, ვთქვათ, არ წარმოადგენს არცერთ პარტიას და უბრალოდ მოქალაქეა – მსახიობი, მწერალი, პოეტი. 33 წელი ვიმუშავე ახალ ამბებში, გავიარე ყველა გზა, დიქტორობიდან მთავარ რედაქტორობამდე და შეფასების უნარი მაქვს იმის, რა გადის და როგორ გადის. ვფიქრობ, თქვენ საკმაოდ ნორმალურად აშუქებთ გადაცემას, თქვენი საინფორმაციო გამოშვებების მაყურებელი ვარ, ვიცი, რა გადის თქვენს ეთერში, როგორ გადის. რეპორტიორის დანიშნულება ის კი არ არის, თავისი აზრი მოუყვეს მაყურებელს, რეპორტიორის, ანუ კორესპონდენტის დანიშნულებაა, მაყურებლამდე მიიტანოს უბრალოდ ამბავი. თოქშოუს არსი კიდევ უფრო სხვა არის, თქვენ კითხვებს სვამთ, გაინტერესებთ ჩვენი აზრი, გეუბნებით ჩვენს აზრს. ჩემი აზრია, რომ ამ ეთერში უნდა ისმოდეს იმ ადამიანების ხმა, ვინც გარეთ დგას და, ვფიქრობ, ისმის კიდეც. სავალდებულო კი არ არის, მაინცდამაინც ეთერი დაეთმოთ ადამიანებს, ხომ არის საინფორმაციო გამოშვებები და ისინი იქ საუბრობენ. რაც შეეხება ყოველღიურ დღის ეთერს და დილის ეთერს, ყოველდღე არ შენდება საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი შენობა, ყველამ იცის, რამხელა შრომაა გაწეული და კიდევ რამდენი შრომაა გასაწევი, რათა სტუდიები ბოლომდე ამოქმედდეს, დილის და შუადღის გადაცემა გავიდეს ეთერში. იმ პერიოდში, როდესაც ეს გადაცემები გადიოდა ეთერში, ყოველთვის ისმოდა უბრალო მოქალაქეების ხმა, სხვადასხვა ეროვნების, სხვადასხვა რელიგიური კონფესიის, ქალების ხმაც ყოველთვის კარგად ისმოდა, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების ხმაც. მგონია, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერი ცოტა განსხვავებული ეთერია, რადგან ჩვენს ეთერებში ისმის იმ ადამიანების ხმა, ვისი ხმაც არ ისმის სხვა ტელევიზიებში, გინდ ოპოზიციურში, გინდ არაოპოზიციურში. ყველა ტელევიზია, ყველა არხი უმეტესად არის აწყობილი საინფორმაციო პოლიტიკაზე, საზოგადოებრივი მაუწყებელი კი მხოლოდ საინფორმაციო პოლიტიკაზე არ არის აწყობილი. აქ გადის გადაცემები, სოციალური, პოლიტიკური. კითხულობდით, სრულდება თუ არა პრიორიტეტებიო. ჩემი აზრით, სრულდება, აბა, რას ვაკეთებთ ბორდის ამდენი წევრი? დღეს წერილი გამოაქვეყნა ბორდის სამმა წევრმა. ეს წერილი გამოაქვეყნა არა ჩვენს გვერდზე, არამედ ერთ-ერთ სააგენტოზე. იქ დასვა ძალიან ბევრი კითხვა იმასთან დაკავშირებით, როგორი აზრი გვაქვს მათ აზრთან მიმართებით“, – განაცხადა თამილა დოლიძემ.

გადაცემის წამყვანმა წერილთან დაკავშირებით თამილა დოლიძეს მიმართა, – „მზია ამაღლობელის საქმესთან დაკავშირებით იყო კითხვები, მაგალითად, ბიუჯეტში რა თანხებია გათვალისწინებული, საეთერო ბადე როგორი იქნება 2025 წლის განმავლობაში. ამბობენ, რომ ხელმძღვანელობისგან ვერ იღებენ ამ კითხვებზე პასუხებს“, – რაზეც თამილა დოლიძემ აღნიშნა:

„არსებობს ტელეფონი, სოციალური ქსელი, სამეურვეო საბჭოს ოთახი, სადაც შეიძლება შეკრება და ამ თემებზე თავისუფლად საუბარი. არ შეიძლება, ვთქვათ, ერთ-ერთმა ჩვენმა წარმომადგენელმა, სამეურვეო საბჭოს წევრმა გააკეთოს სტატუსი და დაწეროს, რომ აკეთებთ ისეთ გადაცემას, რომლის მსგავსი გადაცემაც გადის „ოერტეზე“. მაყურებელმა თუ არ იცის, რა არის „ოერტე“ – არადა, იცის – ეს არის რუსეთის საზოგადოებრივი მაუწყებელი. მე პირადად რუსეთის საზოგადოებრივ მაუწყებელს არ ვუყურებ და არ ვიცი, იქ რა გადაცემები გადის. აქედან გამომდინარე, ცოტა ნაწყენიც ვარ იმაზე, რომ ჩვენ, ბორდის წევრებს ასეთ რამეს გვაბრალებენ. წერილში არის კითხვა, როგორ წყდება ინტერესთა კონფლიქტები ტელევიზიის შიგნით? ტელევიზიის შიგნით არ ვიცი, როგორ წყდება, მაგრამ როცა ასეთ წერილს წერენ, ხანდახან უნდა დაფიქრდნენ სამეურვეო საბჭოს, ბორდის ის წევრები იმაზე, რომ თავად მუშაობენ სხვადასხვა ადგილას, სხვადასხვა პროექტში არიან ჩართული, ბევრ საქმეს აკეთებენ, ალბათ თანხასაც იღებენ. მაგალითად, დიდი სიამოვნებით წავიკითხავდი მათ მიერ შევსებულ დეკლარაციას, რა შემოსავალი აქვთ, საიდან შემოსდით ეს თანხები და არის თუ არა ინტერესთა კონფლიქტი, აქ მუშაობასთან იქმნება თუ არა ინტერესთა კონფლიქტი?“ – თამილა დოლიძემ.