თამილა ბარკალაია - სოციალურად დაუცველ თითოეულ ოჯახზე საშუალოდ 600 ლარი გამოიყოფა, თუმცა უმრავლეს ოჯახზე დახმარება გაცილებით მეტი იქნება
თამილა ბარკალაია - სოციალურად დაუცველ თითოეულ ოჯახზე საშუალოდ 600 ლარი გამოიყოფა, თუმცა უმრავლეს ოჯახზე დახმარება გაცილებით მეტი იქნება

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ დღეს COVID-19-ის შედეგად მიყენებული ზიანის შემსუბუქების მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამის პრეზენტაცია გამართა.

პრეზენტაციაზე ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამილა ბარკალაიამ კომპენსაციების მიმღებ ჯგუფებსა და დახმარების გაცემის გეგმაზე დეტალურად ისაუბრა.

მისი თქმით, რამდენიმე მიზნობრივ ჯგუფის დახმარების მიზნით ჯანდაცვის სამინისტრო აქტიურად მუშაობს.

„პირველ რიგში, ეს არის სოციალურად დაუცველები და ის ადამიანები, რომლებიც რეგისტირებული არიან სოციალურად დაუცველთა ბაზაში, ასევე ისინი, რომელთა ქულა 65 000-დან 100 000-ის ჩათვლით არის. ამ ეტაპზე, ასეთი ოჯახები იღებენ 50 ლარიან დანამატს, ბავშვის ბენეფიტს, თუმცა ამ მოკლევადიან ჭრილში, ექვსი თვის განმავლობაში აღნიშნული ოჯახები მიიღებენ დახმარებას. მნიშვნელოვანია ის, რომ მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებიც მიიღებენ დახმარებას სახელმწიფოსგან ექვსი თვის განმავლობაში, ასევე  სოციალურად დაუცველი ოჯახები, რომელთაც ჰყავთ, სამი ან მეტი შვილი, შესაბამისად, მათი ეკონომიკური საჭიროება არის ძალიან მაღალი და მათი ქულა არის 100 ათასი ან ნაკლები“, – განაცხადა თამილა ბარკალაიამ.

ამასთან, მინისტრის მოადგილის განმარტებით, პროგრამის პოტენციური ბენეფიციარები არიან დაქირავებული პირები, ანუ ფორმალურად დასაქმებული ადამიანები, რომლებსაც ეკონომიკური კრიზისის გამო ხელფასი შეუწყდათ და არიან უფასო შვებულებაში ან გათავისუფლდნენ სამსახურიდან.

„ამ ეტაპზე, 70 ათასი ოჯახი ანუ 190 ათასი პირია, რომელთაც მინიჭებული აქვს 65 ათასიდან 100 ათასის ჩათვლით ქულა  და ისინი არ არიან მიმღები სოციალური დახმარების, რადგან ჩვენი მიზნობრივი სოციალური დახმარების მიმღები არიან 0-დან 65 ათასამდე ქულის მქონე ადამიანები. შესაბამისად, ამ ეტაპზე, ექვსი თვის განმავლობაში, სოციალურად დაუცველები მიიღებენ შემდეგი სახის დახმარებებს – ერთ-სულიან ოჯახზე – 70 ლარის ოდენობით, ორ-სულიანზე – 90 ლარის ოდენობით, სამ-სულიანზე – 105 ლარით. შემდეგ იზრდება და ექვსი თვის განმავლობაში, საშუალოდ 600 ლარი იქნება გამოყოფილი თითოეულ ოჯახზე, თუმცა უმრავლეს ოჯახზე გაცილებით მეტი იქნება, ვიდრე არის 600 ლარი“, – აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.

მისი განმარტებით, მათ დახმარების მისაღებად დამატებითი საბუთების წარდგენა არ დასჭირდებათ.

„ამ ადამიანებს არავითარი დამატებითი საბუთების წარდგენა  არ სჭირდებათ. მათ აღნიშნული დანამატი დაერიცხებათ იმ სოციალურ დახმარებასთან ერთად, რომელსაც იღებენ. ეს ბავშვის ბენეფიტებია 65 ათასიდან 100 ათასამდე ქულის ბენეფიციარების შემთხვევაში.

ასევე სოციალურად დაუცველი ოჯახები – 100 ათასი ქულა და ნაკლები, რომელსაც ჰყავს სამი და მეტი ბავშვი, ამ ეტაპზე, ასეთი 21 ათასი ოჯახია იდენტიფიცირებული და აღნიშნულ ოჯახებსაც არ დასჭირდებათ არავითარი დამატებითი საბუთების წარდგენა, რადგან ისინი ავტომატურად დაკვალიფიცირებული არიან და ავტომატურად მიიღებენ აღნიშნულ დახმარებას ექვსი თვის განმავლობაში, 100 ლარის ოდენობით თითოეულ ოჯახზე“, – განაცხადა თამილა ბარკალაიამ.

ამასთან, მისი თქმით, დამატებითი საბუთების წარდგენა არ სჭირდებათ შშმ პირებსაც, მათ დახმარება ავტომატურად დაერიცხებათ.

„შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისა და ბავშვების შემთხვევაში უკვე იდენტიფიცირებულია ბენეფიციარები,  დაახლოებით 40 ათასი პირია, რომელსაც ასევე არ დასჭირდებათ არავითარი დამატებითი საბუთების წარდგენა, ავტომატურად, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა პენსიასთან ერთად, მათ დაერიცხებათ დანამატი 100 ლარის ოდენობით ექვსი თვის განმავლობაში, ანუ ჯამში 600 ლარი“, – აცხადებს თამილა ბარკალაია.

დატოვე კომენტარი