კანონპროექტის მიხედვით, თამბაქოს ნაწარმის სტანდარტიზებული შეფუთვით რეალიზაციის ან განლაგების შესახებ მარეგულირებელი ახალი ნორმები 2024 წლის 31 დეკემბრიდან ამოქმედდება
კანონპროექტის მიხედვით, თამბაქოს ნაწარმის სტანდარტიზებული შეფუთვით რეალიზაციის ან განლაგების შესახებ მარეგულირებელი ახალი ნორმები 2024 წლის 31 დეკემბრიდან ამოქმედდება

პარლამენტში მომზადებული კანონპროექტის მიხედვით, თამბაქოს ნაწარმის სტანდარტიზებული შეფუთვით რეალიზაციის ან განლაგების შესახებ მარეგულირებელი ახალი ნორმები 2022 წლის 31 დეკემბრის ნაცვლად, 2024 წლის 31 დეკემბრიდან ამოქმედდება. ვადების გადაწევის მიზეზად უკრაინაში შექმნილი სიტუაცია სახელდება.

დღეს მოქმედი კანონით განსაზღვრულია, რომ 2022 წლის 31 დეკემბრიდან აკრძალული იქნებოდა თამბაქოს ნაწარმის რეალიზაცია/განლაგება სტანდარტიზებული შეფუთვის გარეშე, წინააღმდეგ შემთხვევაში, ფულადი ჯარიმები იქნებოდა გამოყენებული, თუმცა როგორც ცვლილებების ინიციატორები განმარტავენ, უკრაინაში განვითარებულ მოვლენებამდე, საქართველოს ბაზრისთვის განკუთვნილი თამბაქოს პროდუქცია ძირითადად უკრაინის ქარხნებში იწარმოებოდა და მიმდინარე მოვლენების გამო, უკრაინაში პროდუქციის წარმოება შეუძლებელი გახდა კონფლიქტის პირველივე დღეებიდან და ახლა მიმდინარეობს წარმოების სხვადასხვა ქვეყნებში გადატანა იმისათვის, რომ მოხდეს საქართველოს ბაზარზე არსებული მოთხოვნის დაკმაყოფილება.

„შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, თამბაქოს ნაწარმის ინდუსტრიაში ჩაბმულ კომპანიებს უწევთ რამდენიმე ქვეყნის სხვადასხვა ქარხნებში, ნაცვლად ერთ ქარხანაში სტანდარტიზებული შეფუთვის შესაბამისი პროცესების გადაწყობა, აღნიშნული უფრო ხანგრძლივ და კომპლექსურ პროცესს წარმოადგენს, რაც კანონით განსაზღვრული ღონისძიებების გათვალისწინებულ ვადაში განხორციელებას ეჭვქვეშ აყენებს“, – აღნიშნულია კანონპროექტში.

ცვლილებების ინიციატორები არიან საპარლამენტო უმრავლესობის წევრები დავით სონღულაშვილი, გოჩა ენუქიძე, გელა სამხარაული და ისკო დასენი. პარლამენტმა „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონი 2017 წელს დაამტკიცა, რომლის გათვალისწინებით, უკვე აიკრძალა თამბაქოს ნაწარმის დახურულ სივრცეში მოწევა, თამბაქოს შიდა და გარე ხილვადობა, მომხმარებელთან კომუნიკაცია, რეკლამა. ასევე, ამოქმედდა სამედიცინო გაფრთხილებების დატანის ვალდებულება და კომპანიებს დაეკისრათ თამბაქოს ნაწარმისგან გამოფრქვეული ნივთიერებების შესახებ ინფორმაციის წარდგენის ვალდებულება.

დატოვე კომენტარი