თამბაქოს მოხმარებასთან დაკავშირებით გამაფრთხილებელი პიქტოგრამების დამტკიცების თაობაზე ბრძანება გამოიცა
თამბაქოს მოხმარებასთან დაკავშირებით გამაფრთხილებელი პიქტოგრამების დამტკიცების თაობაზე ბრძანება გამოიცა

„მოწევა ზიანს აყენებს მუცლად მყოფ ბავშვს“, „თამბაქოს მოხმარება იწვევს ხორხის კიბოს“, „ნუ აიძულებთ ბავშვებს ისუნთქონ თქვენი კვამლი“, „მოწევით ორმაგდება თქვენი ინსულტის განვითარების რისკი“ – ამ შინაარსის ტელე/რადიორგოლი​​ უნდა განთავსდეს ყველა იმ ელექტრონული საშუალების, სატელევიზიო გადაცემის, რადიოგადაცემის, ფილმის, მასობრივი ჩვენებისა და თეატრალური წარმოდგენის, სხვა სახის აუდიო-ვიზუალური ნაწარმოების ჩვენების დასაწყისში და ბოლოში, სადაც თამბაქოს ნაწარმის, თამბაქოს აქსესუარის ან/და თამბაქოს მოხმარებისთვის განკუთვნილი მოწყობილობის მოხმარებაა ნაჩვენები. ამას საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს ბრძანება ითვალისწინებს.

ბრძანების თანახმად, ნიმუშები უნდა განთავსდეს როტაციის პრინციპით – ნაწარმოების დასაწყისში და ბოლოში განთავსდეს ორი სხვადასხვა პიქტოგრამა.

შესაბამისი პიქტოგრამის დამტკიცების თაობაზე ბრძანება დღეს გამოიცა, ბრძანება უკვე გამოქვეყნდა საკანონმდებლო მაცნეში და ამოქმედდა.

დღეიდან, დახურულ სივრცეებში თამბაქოს მოწევა აიკრძალა. დღეიდან კანონის ის მუხლიც ამოქმედდა, რომლის თანახმადაც, თამბაქოს რეკლამირება იკრძალება.