თამბაქოს კონტროლის შესახებ კანონთან დაკავშირებით საინფორმაციო აქცია გაიმართება
თამბაქოს კონტროლის შესახებ კანონთან დაკავშირებით საინფორმაციო აქცია გაიმართება

თბილისში, დიღმის მასივში, სანაპიროზე მდებარე რესტორნებში, საქართველოს პარლამენტის წევრები და საპატრულო პოლიციის წარმომადგენლები საინფორმაციო ხასიათის აქციას ჩაატარებენ.

„თამბაქოს კონტროლის ალიანსის“ ინფორმაციით, აქციის მიზანია კაფე-ბარების და რესტორნების წარმომადგენლების ინფორმირება თამბაქოს კონტროლის შესახებ კანონის აღსრულებასთან დაკავშირებით.

ალიანსის განმარტებით, კანონის აღსრულება ოფიციალურად მიმდინარე წლის პირველი მაისიდან დაიწყება. თავდაპირველად ძალაში შევა თამბაქოს კონტროლის შესახებ კანონის მუხლი, რომელიც საზოგადოებრივი თავშეყრის სივრცეში, დახურულ ადგილებში მოწევას კრძალავს. აკრძალვა შეეხება ფაქტობრივად ყველა დახურულ სივრცეს, გარდა, კერძო საცხოვრებელი ბინებისა (თუ ისინი ოფისებად არ გამოიყენება), კაზინოების და სიგარ-ბარებისა, სადაც მხოლოდ სიგარის მოწევა დაიშვება და არა სიგარეტის, ამასთან, აკრძალული იქნება საკვების გაყიდვა. მოწევა ასევე არ იკრძალება პენიტენციარულ სისტემაში, სადაც ხელმძღვანელობას ინდივიდუალურად შეუძლია დახურულ სივრცეში თამბაქოს ნაწარმის მოხმარება დაუშვას ან აკრძალოს. მოწევა დაიშვება პირველადი დაკავების იზოლატორში და პალიატიური მკურნალობის დაწესებულებებში. კაფე-ბარებში, რესტორნებში, ე.წ. პაბებში, ღამის კლუბებში, ყველა საჯარო და კერძო დაწესებულებაში, მათ შორის საგანმანათლებლო და სამედიცინო ორგანიზაციებში თამბაქოს ნებისმიერი ნაწარმის, მათ შორის ელექტრონული სიგარეტის მოხმარება იკრძალება. პირველი მაისიდან ასევე იკრძალება დახურულ სივრცეში ჩილიმის მოწევა.

თამბაქოს კონტროლის კანონის თანახმად, კაფე-ბარების, რესტორნების, ღამის კლუბების და პაბების მენეჯერები ვალდებული არიან წინასწარ გააფრთხილონ სტუმრები დახურულ სივრცეში მოწევის აკრძალვის შესახებ. კონფლიქტური სიტუაციის შექმნის შემთხვევაში, უნდა გამოიძახონ საპატრულო პოლიცია. დაუმორჩილებელი მოქალაქე დაჯარიმდება 50-100 ლარის ოდენობით, ან მისი საკითხი წვრილმანი ხულიგნობის მუხლით განიხილება. იმ შემთხვევაში, თუ სამასპინძლო ბიზნესის ობიექტის პასუხისმგებელი პირები დახურულ სივრცეში თამბაქოს გამოყენების ფაქტზე გულგრილობას გამოიჩენენ, დაწესებულება პირველ ჯერზე 500 ლარის ოდენობით დაჯარიმდება.

საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში დახურულ სივრცეში თამბაქოს მოხმარების აკრძალვას მონიტორინგს არასამთავრობო სექტორიც გაუწევს.