თამბაქოს კონტროლის კანონის ძალაში შესვლის დღისადმი მიძღვნილი პრესკონფერენცია გაიმართება
თამბაქოს კონტროლის კანონის ძალაში შესვლის დღისადმი მიძღვნილი პრესკონფერენცია გაიმართება

დღეიდან ძალაში შედის კანონი, რომლის საფუძველზეც შენობა-ნაგებობებში თამბაქოს მოწევა იკრძალება.

სლოგანით „გავთავისუფლდეთ თამბაქოს კვამლისგან“ თამბაქოს კონტროლის კანონის ძალაში შესვლის დღისადმი მიძღვნილი პრესკონფერენცია გაიმართება.

პრესკონფერენციას დაესწრებიან შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, აღმასრულებელი, საკანონმდებლო და ადგილობრივი ხელისუფლების ხელმძღვანელი პირები.

პრესკონფერენციაზე „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონში განხორციელებულ ცვლილებებზე ისაუბრებენ.

საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, აკაკი ზოიძის განცხადებით, ცვლილებები ძირითადი ნაწილი ეხება საზოგადოებრივი თავშეყრის დახურული ადგილებისა და საზოგადოებრივი ტრანსპორტის თამბაქოს კვამლისგან გათავისუფლებასა და თამბაქოს ნაწარმის ყველა სახის რეკლამის, პოპულარიზაციისა და სპონსორობის აკრძალვას.

თამბაქოს მოწევა ნებადართული იქნება ფიზიკური პირის საცხოვრებელ ადგილას, პენიტენციურ დაწესებულებაში, ნებართვის საფუძველზე მოწყობილ სიგარაბარებში და სამორინეებში.

„მართლაც ისტორიული დღეა დღეს, როდესაც საქართველოში ვიწყებთ უნიკალური კანონმდებლობის აღსრულებას – კვამლისგან თავისუფალი საქართველო. საქართველოს მთელ ტერიტორიაზე დაშვებული იქნება მოწევა დახურული შენობების გარდა. ასევე, დღევანდელი დღიდან ოფიციალურად აიკრძალება სპონსორობა, რეკლამა. როგორც ნახეთ, ბილბორდებზე აღარ არის თამბაქოს რეკლამები. ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ჩვენი მომავალი თაობის არჩართვისათვის თამბაქოს მოწევაში. ჯანსაღი ცხოვრების წესს ალტერნატივა არ გააჩნია, ისევე, როგორც არა ნარკოტიკებს, არა თამბაქოს – არის ჩვენი ლოზუნგი“, – განაცხადა აკაკი ზოიძემ.