“თამბაქოს კონტროლის ალიანსი“ - შსს თამბაქოს კონტროლის შესახებ კანონის აღსრულებისთვის არ ემზადება
“თამბაქოს კონტროლის ალიანსი“ - შსს თამბაქოს კონტროლის შესახებ კანონის აღსრულებისთვის არ ემზადება

შინაგან საქმეთა სამინისტრო თამბაქოს კონტროლის შესახებ კანონის აღსრულების დაწყებამდე ორი თვით ადრე, კანონმდებლობის განხორციელებისთვის ფაქტობრივად არ ემზადება, –  ამ განცხადებას არასამთავრობო ორგანიზაციების გაერთიანება „თამბაქოს კონტროლის ალიანსი“ ავრცელებს.

ალიანსი განმარტავს, რომ თამბაქოს კონტროლის შესახებ კანონი, რომელიც 2017 წლის 17 მაისს, საქართველოს პარლამენტმა მიიღო, მიმდინარე წლის 1 მაისიდან შედის ძალაში და პირველ რიგში, საზოგადოებრივი თავშეყრის დახურულ ადგილებში მოწევის აკრძალვას შეეხება.

“კანონის მთავარი აღმასრულებელი შსს-ს საპატრულო პოლიცია და უბნის ინსპექტორის სამსახური იქნება, რისთვისაც საჭიროა შესაბამისი მომზადება, ფუნქციების განაწილება და სპეციალური ტრენინგების გავლა. მიუხედავად ამისა, ამ დრომდე გაურკვეველია მინისტრის რომელი მოადგილის საკურატორო იქნება თამბაქოს კონტროლის კანონის აღსრულება, ვისთან უნდა ითანამშრომლოს არასამთავრობო სექტორმა, რომელიც საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, დახურულ სივრცეში, როგორც კერძო ორგანიზაციებში, ისე საჯარო დაწესებულებებში მონიტორინგს გაუწევს თამბაქოს კონტროლის კანონის აღსრულებას. კანონის აღსრულების დაწყებამდე ორი თვე დარჩა. ვიმედოვნებთ, შს მინისტრი უახლოეს პერიოდში გამონახავს დროს აღნიშნულ თემაზე სამუშაო ჯგუფთან შესახვედრად, ან გვამცნობს, მის რომელ მოადგილესთან უნდა გვქონდეს კომუნიკაცია“, – ნათქვამია განცხადებაში.

„თამბაქოს კონტროლის ალიანსი“ მიიჩნევს, რომ  წინააღმდეგ შემთხვევაში, გაჩნდება ეჭვი, რომ თამბაქოს ინდუსტრია თამბაქოს კონტროლის შესახებ კანონის აღსრულების პროცესის შეფერხებას მთავარი აღმასრულებლის, შსს-ს გუნდში ცდილობს.

„ვიმედოვნებთ, მინისტრი გიორგი გახარია არ დაუშვებს ამგვარი ეჭვის საფუძველს და თამბაქოს ინდუსტრიის ხრიკებს ქვეყნის მთავარ სამართალდამცავ ორგანოში დასაყრდენი არ ექნება. ალიანსი მზად არის სპეციალური ტრეინინგები ჩაუტაროს პოლიციელებს და დაეხმაროს მათი შესაბამისი ფუნქციების სრულფასოვნად განხორციელებაში.“ _ აცხადებს „თამბაქოს კონტროლის ალიანსი“.