თამბაქოს კონტროლის ალიანსი -  პირველი იანვრიდან ამოქმედებული რეგულაცია თამბაქოს ნაწარმის შიდა ხილვადობის აკრძალვის შესახებ, მაღაზიების დიდ ნაწილში ირღვევა
თამბაქოს კონტროლის ალიანსი -  პირველი იანვრიდან ამოქმედებული რეგულაცია თამბაქოს ნაწარმის შიდა ხილვადობის აკრძალვის შესახებ, მაღაზიების დიდ ნაწილში ირღვევა

თამბაქოს კონტროლის ალიანსის მონიტორინგის ჯგუფმა თამბაქოს რეალიზაციის კუთხით, პირველი იანვრიდან ამოქმედებული რეგულაციების დარღვევის ფაქტები გამოავლინა. ალიანსის მონაცემებით, სავაჭრო ქსელების თითქმის ყველა შემოწმებულ ობიექტში, ჯერ კიდევ ხილულად განლაგებულია თამბაქოს ნაწარმი, რის შესახებაც მონიტორების მიერ გამოვლენილი ინფორმაცია შემოსავლების სამსახურს მიეწოდა.

„ვიმედოვნებთ, რომ აღნიშნული და სხვა დამრღვევი სავაჭრო ობიექტები მალე დაიცავენ კანონის მოთხოვნას, რომლის დარღვევის შემთხვევაში, საჯარიმო სანქცია სავაჭრო ობიექტისათვის პირველ ჯერზე 2000 ლარია,“ – აცხადებენ ალიანსში.

საუბარია 2021 წლის პირველი იანვრიდან „თამბაქოს კონტოლის შესახებ“ საქართველოს კანონით ახალი რეგულაციის ამოქმედებაზე, რომლითაც თამბაქოს ნაწარმის შიდა ხილვადობა აიკრძალა. რეგულაცია 2017 წლის მაისში, კანონის მე-5 მუხლის, მეორე პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტის სახით დამტკიცდა და გულისხმობს თამბაქოს ყველა სახის ნაწარმის (მათ შორის ელექტრო სიგარეტის, გახურებადი თამბაქოს ნაწარმის ე.წ. აიქოსის და ა.შ.), თამბაქოს აქსესუარის ან მოხმარებისათვის განკუთვნილი მოწყობილობების განლაგების აკრძალვას ვიტრინაზე, ვიტრაჟზე, დახლზე, თაროზე ან სხვაგვარად, ისე, რომ იგი ხილვადი იყოს შესაბამისი ობიექტის შიგნიდან.

დასაშვებია სანთებელას, საფერფლისა და პორტსიგარის განლაგება, თუ მათზე არაა დატანილი თამბაქოს ინდუსტრიაში ჩაბმულ პირთა ნაწარმის (საქონლის) სასაქონლო ნიშანი ან/და დასახელება. ასევე, შიდა ხილვადობა არაა აკრძალული აეროპორტის საბაჟო ტერიტორიის თავისუფალ ზონაში, ე.წ. „დუტი ფრი“ ზონაში. აღნიშნული რეგულაციის მიზანია მოზარდების და ახალგაზრდების თამბაქოს ინდუსტრიის მავნე ზეგავლენისგან დაცვა.

თამბაქოს კონტროლის ალიანსის ინფორმაციით, საქართველოში, 2016 წელს სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტის მიერ 8-12 წლის ბავშვებში ჩატარებული კვლევებით გამოიკვეთა, რომ თამბაქოს ნაწარმის დიზაინი განსაკუთრებით მიმზიდველია მოზარდებისთვის და კვების პროდუქტებთან ერთად მათი განთავსება ქმნის ილუზიას, რომ თამბაქოც ერთ-ერთი მათგანი, ანუ აუცილებელი მოხმარების პროდუქტია. ბავშვები დიზანის საშუალებით იმასაც კი განსაზღვრავენ, თამბაქოს რომელი პროდუქტი რომელი სქესისთვის არის განკუთვნილი.

„ცოტა ხნის წინ, ბავშვებისა და ახალგაზრდებისთვის ამ ეფექტური რეგულაციის ძალაში შესვლას ეწინააღმდეგებოდნენ თამბაქოს ინდუსტრია და მათი ფრონტ ჯგუფები. კორონავირუსით გამოწვეული პრობლემებით საკანონმდებლო და აღმასრულებელ ხელისუფლებაზე მანიპულირებდნენ, თითქოს ეკონომიკურად კრიზისულ პერიოდში აღნიშნული რეგულაციის ამოქმედება გავლენას მოახდენდა სავაჭრო ობიექტების შემოსავალზე, რაც სრული აბსურდია და შესაბამისად, ხელისუფლების არცერთმა შტომ არ გაითვალისწინა. აღსანიშნავია, რომ თამბაქოს ინდუსტრია სავაჭრო ობიექტებს ყოველთვიურად გარკვეული რაოდენობის თანხას უხდის მათ სივრცეში თამბაქოს სარეალიზაციო თაროების გასათავსებლად. არადა, 2018 წლიდან აკრძალულია თამბაქოს ნაწარმის ყველა სახის რეკლამა, პოპულარიზაცია და სპონსორობა. შესაბამისად, თუ თამბაქოს ინდუსტრია მისი ნაწარმის რეალიზაციის ხელშეწყობისათვის რომელიმე სავაჭრო ობიექტს ან სავაჭრო ქსელებს ჯერ კიდევ უკანონოდ უხდის რაიმე სახის თანხას, ეს არის დანაშაული, რისი აღკვეთაც შემოსავლების სამსახურის ვალდებულებაა.

ამასთან, მოვუწოდებთ ყველა სავაჭრო ობიექტს, რომელსაც ჯერ კიდევ ღიად გამოუფენია თამბაქოს ნაწარმი, ლეტალური პროდუქტი, დაუყოვნებლივ აღასრულოს კანონი. ვიმედოვნებთ, შემოსავლების სამსახური თამბაქოს კონტროლის კანონის ამ ნორმის დარღვევის ყველა შემთხვევას გამოავლენს და მომავალ თაობებს მომაკვდინებელი პროდუქტისაგან დაიცავს,“ – ნათქვამია თამბაქოს კონტროლის ალიანსის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.