თამბაქოს კონტროლის ალიანსი - არ ენდოთ ცრუ წაქეზებას, მოწევის წესების დარღვევა სტადიონებზეც ჯარიმდება
თამბაქოს კონტროლის ალიანსი - არ ენდოთ ცრუ წაქეზებას, მოწევის წესების დარღვევა სტადიონებზეც ჯარიმდება

ჯანმრთელობის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის, თამბაქოს მოხმარების კონტროლის გაძლიერების ფარგლებში, თამბაქოს კონტროლის ჩარჩო კონვენციის იმპლემენტაციისა და მონიტორინგის ცენტრის მონიტორებმა სტადიონზე „დინამო არენა“ მოწევის წესის დარღვევა დააფიქსირეს, – ამის შესახებ აღნიშნულია თამბაქოს კონტროლის ალიანსის ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, საპატრულო პოლიციამ თამბაქოს კონტროლის რეგულაციის დამრღვევი დააჯარიმა.

„ამ ფაქტს საგანგებოდ არც აღვნიშნავდით, რომ არა სტადიონების ადმინისტრაციების და მათი სტუმრების აღნიშნული რეგულაციის აღსრულების მიმართ შერჩევითი დამოკიდებულება. ევროპული ფეხბურთის ასოციაციების კავშირი (UEFA) და ფეხბურთის ასოციაციათა საერთაშორისო ფედერაცია (FIFA) სტადიონზე მოწევას კატეგორიულად კრძალავს.

საერთაშორიო ორგანიზაციები სრულად მიუღებლად მიიჩნევენ თამბაქოს მოხმარებას იქ, სადაც სპორტია. ამიტომაც საქართველოში გამართულ საერთაშორისო ტურნირებზე სტადიონების ადმინისტრაციები ყველა ღონეს ხმარობენ, რომ აღნიშნული ორგანიზაციების მოთხოვნა ზედმიწევნით აღსრულდეს. ყურადღება მნიშვნელოვნად მოდუნებულია შიდა თამაშებზე. მოწევის რეგულაციის აღსრულების მონიტორინგზე არც სტადიონების მომსახურე პერსონალი იწუხებს თავს და ზოგიერთ მაყურებელსაც ჯერ კიდევ არ აქვს კულტურა, რომ არ მოწიოს იქ, სადაც თამბაქოს მოხმარებას პირველ რიგში ეროვნული კანონმდებლობა კრძალავს“, – აღნიშნავენ თამბაქოს კონტროლის ალიანსში.

მათივე ინფორმაციით, თამბაქოს ინდუსტრია, რომელიც ცდილობს თამბაქოს კონტროლის კანონის დასუსტებას, ებრძვის მონიტორინგის სამსახურს, არ ერიდება არანაირ ცილისწამებას და ცდილობს საზოგადოებაში გულგრილობის გაჩენას, თუ კანონს დაარღვევ, არავინ მოგთხოვს პასუხს.

„არ ენდოთ ცრუ წაქეზებას, მოწევის წესების დარღვევა ჯარიმდება. ჩვენ თუ დასავლური ღირებულებების ქვეყანას ვაშენებთ, არ უნდა ვცდილობდეთ საკანონმდებლო რეგულაციების დარღვევას, ან დანაშაულზე თვალს არ უნდა ვხუჭავდეთ. ივლისში, სამწუხაროდ, კვლავაც დავაფიქსირეთ დარღვევები. არ გვაქვს ილუზია, რომ ხვალ, თამბაქოს კონტროლის კანონი 100%-თ შესრულდება, მაგრამ გვაქვს მიზანი, რომ ყოველთვიური შემოწმების დროს, სხვადასხვა, 700-მდე ორგანიზაცია-დაწესებულების ოფისში იმაზე უკეთესი შედეგი დაფიქსირდეს, ვიდრე თუნდაც 2018 წლის განმავლობაში, როდესაც თამბაქოს კონტროლის კანონის აღსრულება დაიწყო.

მოქალაქეებს ვთხოვთ, დაიცავით მოწევის რეგულაციები და თუ დაინახავთ, რომ ეწევიან საზოგადოებრივი თავშეყრის დახურულ სივრცეში, შეატყობინეთ 112-ს. გადაიღეთ მოწევის წესის დარღვევის დამადასტურებელი ფოტო, ან ვიდეო მასალა და გადაუგზავნეთ კანონდამრღვევებს. სწორედ ასეთი, სამოქალაქო მიდგომის შედეგად, ივლისის თვეში, რამდენიმე სავაჭრო ობიექტში აღიკვეთა მოწევის ფაქტი და მწეველი დაჯარიმდა“, – აცხადებენ თამბაქოს კონტროლის ალიანსში.