თამბაქოს კონტროლის ალიანსი - ახალი კორონავირუსისგან თავდასაცავად მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ფიზიკური, არამედ თამბაქოს ნებისმიერი ნაწარმისგან დისტანცირება
თამბაქოს კონტროლის ალიანსი - ახალი კორონავირუსისგან თავდასაცავად მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ფიზიკური, არამედ თამბაქოს ნებისმიერი ნაწარმისგან დისტანცირება

საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში მოწევის აკრძალვიდან ორი წელი გავიდა.

თამბაქოს კონტროლის ალიანსი თარიღთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომელშიც აღნიშნულია, რომ ახალი კორონავირუსისგან თავდასაცავად მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ფიზიკური, არამედ თამბაქოს ნებისმიერი ნაწარმისგან დისტანცირება.

„2017 წელს, ჯანდაცვის კომიტეტის ხელმძღვანელობით, ფაქტობრივად, პარლამენტის სრულმა შემადგენლობამ მხარი დაუჭირა საზოგადოების გაჯანმრთელების ინტერესს და თამბაქოს კონტროლის კანონი მიიღო. ამ ნაბიჯით პარლამენტმა აღმასრულებელი ხელისუფლების ეკონომიკური გუნდის მიერ თამბაქოს ინდუსტრიის ლობირება დაძლია და პროტესტი გამოუცხადა თამბაქოს მოხმარების შედეგად ადამიანების სიკვდილს. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის იმდროინდელი მონაცემებით, საქართველოში ყოველწლიურად, თამბაქოს მოხმარების შედეგად გამოწვეული დაავადებებით 11 400 ადამიანი იღუპებოდა. მათ შორის, 3 000-მდე პასიური მოწევის მსხვერპლი იყო“, – აცხადებენ ორგანიზაციაში.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ თამბაქოს კონტროლის კანონის აღსრულება 2018 წლის პირველ მაისს დაიწყო.

„ამაო აღმოჩნდა თამბაქოს ინდუსტრიის მცდელობა, საზოგადოება დაერწმუნებინა, რომ კანონის აღსრულება სამასპინძლო ბიზნესს გააკოტრებდა. არათუ არ გაკოტრდა, კაფეებში, რესტორნებში და მსგავს დაწესებულებებში სტუმართა რაოდენობა გაიზარდა, მშობლები მცირეწლოვან შვილებთან ერთად სტუმრობენ. სამასპინძლო ბიზნესში მოწევის აკრძალვა, ფაქტობრივად სანიმუშოდ, 96 პროცენტით სრულდება.

კანონის აღსრულების მუდმივი მონიტორინგის ფარგლებში, დამრღვევებზე ეფექტური რეაგირება ხდება. სამწუხაროდ, აღსანიშნავია, რომ დამრღვევთა მცირე პროცენტში საჯარო სამსახურები და სამედიცინო დაწესებულებები ლიდერობენ. აღსრულების პროცესში სრული ეფექტის მისაღწევად მნიშვნელოვანია, თითოეულმა მოქალაქემ გაითავისოს საკუთარი როლი და დარღვევის დაფიქსირებისას, სადაც არ უნდა იყოს, კაფეში, რესტორანში, საავადმყოფოში, პარლამენტში, მთავრობის კანცელარიაში, თუ ნებისმიერ სხვა, საჯარო სამსახურში, 112-ზე დარეკვის ან სპეციალური მობილური აპლიკაციის საშუალებით, დაუყოვნებლივ აცნობს შესაბამის აღმასრულებელს, საპატრულო პოლიციას ან შემოსავლების სამსახურს და მოითხოვოს კანონის დაცვა“, – აცხადებენ თამბაქოს კონტროლის ალიანსში.

მათივე ცნობით, თამბაქოს კონტროლის კანონის აღსრულების შედეგები უახლოეს წლებში, სპეციალური კვლევების გარეშეც თვალშისაცემი იქნება.

„დღეს, სხვადასხვა, მასშტაბური კვლევების შედეგად მიღებული მონაცემების საფუძველზე (რომელთა პრეზენტაცია სავარაუდოდ, „კოვიდ-19“-ის პანდემიის ჩაცხრობისთანავე გაიმართება), თამამად ვამბობთ, დახურულ სივრცეში მოწევის და თამბაქოს კონტროლის კანონით გატარებული მთელი რიგი აკრძალვებისა და სხვადასხვა ღონისძიებების საფუძველზე საზოგადოების ჯანმრთელობის და ეკონომიკური მაჩვენებლები მნიშვნელოვნად შეიცვალა.

უახლოეს წლებში, თამბაქოს კონტროლის კანონის აღსრულების შედეგები სპეციალური კვლევების გარეშეც თვალშისაცემი იქნება და საზოგადოება მომენტალურად იგრძნობს სიკეთეს, რომელსაც თამბაქოს მოხმარების შემცირება იწვევს. ამასთან, ვიმედოვნებთ, რომ მსოფლიოს ახალი დღის წესრიგი, რომელსაც ახალი კორონავირუსული დაავადება განაპირობებს, საქართველოს მოსახლეობას კიდევ უფრო ცხადად დაანახებს თამბაქოს მოწევაზე უარის თქმის აუცილებლობას.

იმის გამო, რომ „კოვიდ-19“-ის მნიშვნელოვანი სამიზნე ადამიანის ფილტვებია, დღეს, ერთადერთი და სწორი გამოსავალია თამბაქოს ნებისმიერი პროდუქტის (მათ შორის ელ. სიგარეტის, ვაპოვაიზერის, აიქოსის, ჩილიმის და ა.შ.) და მარიხუანას მოხმარებაზე უარის თქმა. ამიტომაც, ახალი კორონავირუსისგან თავდასაცავად მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ფიზიკური, არამედ თამბაქოს ნებისმიერი ნაწარმისგან დისტანცირება. #არ მოწიო, დარჩი ჯანმრთელი!“ – აცხადებენ თამბაქოს კონტროლის ალიანსში.