თამაზ ნავერიანი - ვაკონტროლებთ სიტუაციას, რათა მარნეულში ყველა ადამიანი შემოწმდეს
თამაზ ნავერიანი - ვაკონტროლებთ სიტუაციას, რათა მარნეულში ყველა ადამიანი შემოწმდეს

მარნეულის მაჟორიტარი დეპუტატი თამაზ ნავერიანი აცხადებს, რომ რაიონში აქტიური საინფორმაციო კამპანია ტარდება. მისივე ინფორმაციით, მოსახლეობის მოძრაობა 80 პროცენტით შემცირებულია ქუჩებში.

„მოსახლეობაში გვაქვს უკეთესი მდგომარეობა. მოძრაობა დღეს უკვე შემცირებულია 70-80 პროცენტით. ხალხმა ზუსტად გაიგო, რომ რეკომენდაციები დაიცვას. ჩვენი ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს. გუშინ აქ ჩამოსული იყვნენ მინისტრები, ლევან დავითაშვილი, ეკატერინე ტიკარაძე, ასევე სოზარ სუბარი და დამატებით ღონისძიებებზე რეკომენდაციები მიიღო ადგილობრივმა ხელისუფლებამ. სოფლებში გაშვებულია 37 ჯგუფი, რომელთაც დაემატა საკრებულოს რწმუნებული, დეპუტატი და მერიის რწმუნებული. მათთან ერთად ხდება ხალხის ინფორმირება. ასევე არის ხმოვანი მესიჯები, დადიან ავტომობილები სოფლებსა და ქალაქში. არის მოწოდება როგორ უნდა ვებრძოლოთ კორონავირუსს, ამ უხილავ ძალას. მე კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ჩვენს მოსახლეობას, ყველა მარნეულელს, დარჩნენ სახლში, არ გამოვიდნენ. ეს ორკვირიანი კრიზისი გადავაგოროთ და მე იმედი მაქვს, რომ ყველაფერი კარგად იქნება, ყველაფერი კარგად დასრულდება. ჩვენ ვაკონტროლებთ ამ ეტაპზე სიტუაციას იმ მიმართულებით, რომ მარნეულში ყველა ადამიანი შემოწმდეს და ჩვენ ამისთვის დამატებით კიდევ ჯგუფები გამოვყავით“, – განაცხადა თამაზ ნავერიანმა.