თამაზ მოლაშვილი - არ მინდა ბოკერიასა და სააკაშვილის არც სიკვდილი, არც ჩამოხრჩობა, პატარა სასჯელი მაინც მისცენ, თორემ ხალხი ადუღდება
თამაზ მოლაშვილი - არ მინდა ბოკერიასა და სააკაშვილის არც სიკვდილი, არც ჩამოხრჩობა, პატარა სასჯელი მაინც მისცენ, თორემ ხალხი ადუღდება

ყოველი დღე იმ იმედით ვარ, როდესმე ჩვენი ხელისუფლება ჭკუაზე მოვა და ამდენი ხალხის მოთხოვნას შეასრულებს, – ამის შესახებ კონტროლის პალატის ყოფილი თავმჯდომარის, სულხან მოლაშვილის მამამ, თამაზ მოლაშვილმა შეხვედრაზე განაცხადა, რომელიც პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ირმა ინაშვილმა, თანაგუნდელებთან და 2004-2012 წლებში, წინა ხელისუფლების მიერ დაზარალებულ პირებთან ერთად გამართა.

როგორც თამაზ მოლაშვილმა აღნიშნა, ყველა ხელს ადებს სააკაშვილსა და ბოკერიას და ხომ შეიძლება, მთავრობამ ამას მიხედოს.

„ასეთი გაუთავებელი კოჰაბიტაცია არ შეიძლება. არ მინდა, არც მაგათი სიკვდილი, არც ჩამოხრჩობა და დახვრეტა, დანაშაული აღიარებინონ, დაუმტკიცონ, ყველა ფაქტი ცხვირწინ დაუდონ; გნებავთ, ყური აუწიონ, ბოდიში მოახდევინონ, პატარა სასჯელი მისცენ, თორე, ეს ხალხი ადუღდება. თუ ეს დუღილი და ხალხის მუდარა არ დასრულდება, მაშინ ცუდ რამეს მოიმოქმედებს ხალხი და ეს ამბავი ყველას ცუდად დაუმთავრდება”, – განაცხადა თამაზ მოლაშვილმა.

შეხვედრაზე „პატრიოტთა ალიანსის“ მიერ მომზადებულ რეზოლუციაზე ისაუბრეს, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის” დანაშაულებრივ რეჟიმად აღიარებას ითვალისწინებს. ირმა ინაშვილის ინფორმაციით, რეზოლუციის პროექტს მხარს 300 ათასი ადამიანი უჭერს.

შეხვედრას ესწრებოდნენ ია მეტრეველი, კობა დავითაშვილი, ნორა კვიციანი, ნანა თეთრაძე, თამაზ მოლაშვილი და სხვები. შეხვედრაზე ასევე იმყოფებოდა ელენე თევდორაძე.