თამაზ მეჭიაური გათავისუფლებული თანამშრომლების შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს
თამაზ მეჭიაური გათავისუფლებული თანამშრომლების შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს

სასამართლომ მხოლოდ ნაწილობრივ დააკმაყოფილა გათავისუფლებული თანამშრომლების საჩივარი და გვთხოვა, კიდევ ერთხელ შევისწავლოთ მათი საქმე, წარმოვადგინოთ დამატებითი მტკიცებულებები, – ამის შესახებ თიანეთის მერმა, თამაზ მეჭიაურმა განაცხადა. ასევე, მეჭიაურის თქმით, სასამართლოზე არ ყოფილა ლაპარაკი არც აღდგენაზე და არც კომპენსაციაზე.

რაც შეეხება თანამშრომლების გათავისუფლების მოტივაციას, მეჭიაური ირწმუნება, რომ მისი გადაწყვეტილება სამართლიანია.

“რიგ შემთხვევაში, გარკვეულ მოქალაქეებს არასწორად ჰქონდათ მინიჭებული სტატუსი, რიგ შემთხვევაში კი, არასწორად ჰქონდათ მოხსნილი სტატუსი და ა.შ. ძირითადად ეს იყო მათი გათავისუფლების მოტივი”, – აღნიშნა თამაზ მეჭიაურმა.

თიანეთის სასამართლომ გათავისუფლების თაობაზე მერის ბრძანება გააბათილა და საკითხის ხელახალი განხილვა იურიდიულ სამსახურს დაავალა. საუბარია თამაზ მეჭიაურის მიერ გათავისუფლებულ სამ თანამშრომელზე, რომლებიც მეჭიაურმა მარტში გაათავისუფლა. ასევე, თიანეთის მერი არ გამორიცხავს, იურისტთან კონსულტაციის შემდეგ, დღევანდელი გადაწყვეტილება მეორე ინსტანციის სასამართლოში გაასაჩივროს.