თამაზ დოლაბერიძე - დღევანდელი სახელმწიფო დოქტრინა ასეთია, თუ ბიზნესი მნიშვნელოვანია ეკონომიკისთვის, არაუშავს, ადამიანებს ვამუშავებ საფრთხის შემცველ გარემოში
თამაზ დოლაბერიძე - დღევანდელი სახელმწიფო დოქტრინა ასეთია, თუ ბიზნესი მნიშვნელოვანია ეკონომიკისთვის, არაუშავს, ადამიანებს ვამუშავებ საფრთხის შემცველ გარემოში

საქართველოს მეტალურგიული და სამთო მრეწველობის მუშაკთა პროფკავშირების ხელმძღვანელი, თამაზ დოლაბერიძე საქართველოში შრომის უსაფრთხოების კუთხით არსებულ პრობლემებზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ ამის აღმოსაფხვრელად აუცილებელია პოლიტიკური ნება.

როგორც მან ტყიბულში, მინდელის შახტაში მომხდარ უბედურ შემთხვევასთან დაკავშირებით განაცხადა, უნდა მოხდეს ჰაერის ჭავლის გამოკვლევა და დადგინდეს, ნამდვილად სამთო დარტყმამ გამოიწვია თუ არა ფაქტი, რომლის შედეგად ექვსი ადამიანი დაიღუპა.

დოლაბერიძის განცხადებით, თუ სახელმწიფოს არ ექნება პოლიტიკური ნება, კანონში ფასადური ცვლილებები  ეფექტს ვერ მოიტანს.  მისი თქმით, პროფკავშირებმა ზუსტადნ იციან, როგორ უნდა შემცირდეს სამუშაო ადგილებზე მსგავსი შემთხვევები, თუმცა ამას არც სახელმწიფო ითვალისწინებს და არც კომპანიები.

„ჩვენ პროფკავშირებმა ზუსტად ვიცით, შახტებსა და მაღაროებში, ზოგადად, დასაქმების ადგილებში რა უნდა გაკეთდეს, რომ შევამციროთ მსგავსი შემთხვევები, მაგრამ ამას არც კომპანიები ითვალისწინებენ და არც სახელმწიფო. ვგულისხმობ იმას, რომ შრომის საერთაშორისო ორგანიზაციას გააჩნია შრომის უსაფრთხოების 2001 წლის სტანდარტი, რომლის მიხედვითაც ყოველდღიური რისკები სამუშაო ადგილებზე თავად მუშებმა უნდა შეაფასონ, რადგან ამას მუშებზე კარგად ვერც ერთი ექსპერტი ვერ იზამს“, – განაცხადა დოლაბერიძემ.

მისი თქმით, ეს დამსაქმებელსა და სახელმწიფოს აშინებს, რადგან გამოვლენილი დარღვევების გამოსწორება ხარჯებს გამოიწვევს.

„ეს ყველაფერი დამსაქმელებს და სახელმწიფოს აშინებს, რადგან გააძვირებს ბიზნესს გამომდინარე იქიდან, რომ როცა მუშები აღმოაჩენენ დარღვევას, ის გამოსასწორებელი იქნება, ხოლო გამოსწორებას ხარჯები აქვს.

დღევანდელი სახელმწიფო დოქტრინა ასეთია, თუ ესა თუ ის ბიზნესი მნიშვნელოვანია საქართველოს ეკონომიკისთვის, არაუშავს, თუ ადამიანებს ვამუშავებ საფრთხის შემცველ გარემოში“, – განაცხადა დოლაბერიძემ.

ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტაში უბედურ შემთხვევას ექვსი ადამიანი ემსხვერპლა დაშავებულია სამი მეშახტე.

როგორც შსს-ში აცხადებენ, გამოძიების პირველადი ინფორმაციით, შახტის ერთ-ერთ გვირაბში მოხდა კედლების დეფორმაცია, რასაც ჭერის ჩამოშლა მოჰყვა. ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება  საქართველოს სსკ-ის 240-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოების წარმოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.