თამაზ დათუნაშვილი - შეუძლებელია, რომ აშშ-სა და საქართველოს ერთი და იგივე გამოწვევები ჰქონდეთ და კანონები ასე აკოპირო
შეუძლებელია, რომ აშშ-სა და საქართველოს ერთი და იგივე გამოწვევები ჰქონდეთ და კანონები ასე აკოპირო, – ამის შესახებ კოალიცია “ძლიერი საქართველოს” წევრმა, თამაზ დათუნაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.
„ეს ერთი და მეორე, მოდით, სიმართლე ვთქვათ, ამ ყველაფრის უკან რაც დგას, ბრიტანული კანონი, FARA-ს კოპი, ნიდერლანდური კანონი, ამ ყველაფრის უკან რა არის? ერთი, დისკრედიტაცია დასავლური ფასეულობების, დასავლური სახელმწიფოების და მეორე მხრივ, პროპაგანდისტულად შეფუთვა დრაკონული წესების და კანონების. მე ავიღებ ახლა რაღაც კანონს, რომელიც ბრიტანეთში მოქმედებს, კონკრეტული პოლიტიკური კონტექსტიდან გამომდინარე მოქმედებს ისე, როგორც მოქმედებს და ამას გადმოვიტან, რადგან მაწყობს, რომ ახლა ასეთი შეზღუდვები დავუწესო ქართულ მედიასივრცეს. მე არ მინდა შეზღუდვები. ქართული მედიასივრცე არის კარგად დარეგულირებული“, – განაცხადა დათუნაშვილმა.
მისი თქმით, მთავარი არის ის, რატომ მიიღო ხელისუფლებამ ეს კანონი და არა ის, საიდან მოდის მისი ანალოგი.
„მთავარი ის არის, რომ ხელისუფლებას შეშინებულის პოზიციიდან მოუწია, კანონის დონეზე დაეწერა ის, რაც, მისი აზრით, აპანიკებს მიტინგის დროს ადამიანებს, როდესაც ხედავს შენიღბული სახეებით“, – განაცხადა დათუნაშვილმა.
როგორც დათუნაშვილმა განაცხადა, უკვე „ქართული ოცნების“ მომხრეებმაც დაინახეს, რომ ივანიშვილი შევიდა ისეთ პროცესში, რომელი პროცესიდანაც ისეთი გამოსავალი, რომელიც მარტო მას და „ქართულ ოცნებას“ აწყობთ, აღარ არსებობს.
„ერთადერთი სწორი გზა არის ახლა რაციონალურ და პასუხისმგებლობიან პოლიტიკურ პროცესში გადავიდეთ და დავიწყოთ ლაპარაკი იმაზე, თუ როგორი უნდა იყოს ეს არჩევნები და როდის ჩატარდება ეს არჩევნები. სხვანაირი დემოკრატიული გადატვირთვის გზა არ არსებობს. სხვანაირი შეიძლება იყოს ივანიშვილის თავში, რომ ამ ქვეყანაში კლასიკური დიქტატურა დაამყაროს, აღმოჩნდეს რუსულ ორბიტაზე და საქართველოს სტრატეგიულ ინტერესებს უარი უთხრას, მაგრამ არ მგონია, თქვენი მაყურებლების უმრავლესობას ეს მოსწონდეს“, – განაცხადა დათუნაშვილმა.
მაკა ცინცაძის შეკითხვაზე, რამდენად არსებობს ოპოზიციის გაერთიანების რესურსი, თამაზ დათუნაშვილმა განაცხადა, რომ ძირითად ფუნდამენტურ საკითხებზე გაერთიანება აუცილებელი და გარდაუვალია, მაგრამ თვითმიზანი ეს არ არის და დღეს პროცესში ერთადერთი მთავარი მიზანი არის საპროტესტო მოძრაობის გამსხვილება, მეტი ადამიანის ჩართვა ამ პროცესში და მეტი ადამიანის გააქტიურება.