თამაზ დათუნაშვილი - ახალ არჩევნებს თუ ჩავატარებთ და ივანიშვილს მოვაშორებთ ხელისუფლებიდან, მიზეზიც აღარ იქნება, რომ საქართველო კიდევ უფრო ღრმად აღმოჩნდეს ჩინეთთან და რუსეთთან საშიშ ერთობაში
თამაზ დათუნაშვილი - ახალ არჩევნებს თუ ჩავატარებთ და ივანიშვილს მოვაშორებთ ხელისუფლებიდან, მიზეზიც აღარ იქნება, რომ საქართველო კიდევ უფრო ღრმად აღმოჩნდეს ჩინეთთან და რუსეთთან საშიშ ერთობაში

ყველაფერი დაკარგული ჯერ არ არის, ამ ქვეყნისთვის რეზოლუცია საბოლოო დიაგნოზი არ არის, ახალ არჩევნებს თუ ჩავატარებთ და ბიძინა ივანიშვილს მოვაშორებთ ხელისუფლებიდან, მიზეზიც აღარ იქნება, რომ საქართველო კიდევ უფრო ღრმად აღმოჩნდეს ჩინეთთან და რუსეთთან ევრაზიულ საშიშ ერთობაში, – ამის შესახებ კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ წევრმა, თამაზ დათუნაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, რეზოლუციის მიღება საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობების ისტორიაში ტრაგიკულია, როდესაც ამ ურთიერთობების ამდენი წლის თავზე, „ქართული ოცნების“ მეცადინეობით, საქართველომ მოახერხა და ასეთ წერტილში აღმოჩნდა.

„ყველა გადაწყვეტილება, რომელიც პოზიტიური იყო ქვეყნისთვის, ევროპარლამენტის რეზოლუციებიდან მომდინარეობდა და ეს გადაწყვეტილებაც, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა და „ქართულმა ოცნებამ“ გამოიწვია, დაინიცირდა ევროპის პარლამენტში, ძალიან მძიმე მოსასმენი და საყურებელია. საქართველო გამოცხადდება შეუმდგარ სახელმწიფოდ“, – განაცხადა თამაზ დათუნაშვილმა.

მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილმა და „ქართულმა ოცნებამ“ საქართველოს საერთაშორისო რეპუტაცია მიზანმიმართულად ჩამოშალეს.

„დაიწყეს შეერთებულ შტატებთან სტრატეგიული პარტნიორობის შეჩერებით, რისი მიზეზიც იყო ბიძინა ივანიშვილი. ხელოვნურად გამოწვეული პოლიტიკური კრიზისის მიზეზიც ბიძინა ივანიშვილი იყო, ევროკავშირთან მოლაპარაკებების შეწყვეტის მიზეზიც ივანიშვილი იყო. ევროკავშირი ფაქტობრივად რომ აღარ ცნობს საქართველოს სათავეში ივანიშვილს, როგორც ხელისუფალს და იმ შეფასებებს აკეთებს, რაც რეზოლუციაში წერია, ყველაფრის ავტორია პირადად ივანიშვილი და კრიზისის განტვირთვა შეიძლება მხოლოდ ივანიშვილის ამ გავლენისგან მოშორებით. ჯერ ყველაფერი დაკარგული არ არის, ეს რეზოლუცია საბოლოო დიაგნოზი არ არის ამ ქვეყნისთვის. ახალ არჩევნებს თუ ჩავატარებთ და ივანიშვილს მოვაშორებთ ხელისუფლებიდან, გავლენა და მიზეზიც აღარ იქნება, რომ საქართველო კიდევ უფრო ღრმად აღმოჩნდეს ევრაზიულ საშიშ ერთობაში ჩინეთთან და რუსეთთან“, – განაცხადა თამაზ დათუნაშვილმა.