თამარ ზოდელავა - უმეტესი საგრანტო განაცხადი, რომელიც დაფინანსდება სახელმწიფო გრანტით, განხორციელდება რეგიონებში და საქართველოს სრულად დაფარავს
თამარ ზოდელავა - უმეტესი საგრანტო განაცხადი, რომელიც დაფინანსდება სახელმწიფო გრანტით, განხორციელდება რეგიონებში და საქართველოს სრულად დაფარავს

უმეტესი საგრანტო განაცხადი, რომელიც დაფინანსდება სახელმწიფო გრანტით, განხორციელდება რეგიონებში და საქართველოს სრულად დაფარავს. საბჭოს მიერ მხარდაჭერილი ყველა იდეა მნიშვნელოვანია, გამოირჩევა აქტუალობით და ინოვაციურობით, – ამის შესახებ სახელმწიფო გრანტის მართვის სააგენტოს თავმჯდომარემ, თამარ ზოდელავამ განაცხადა.

მისი თქმით, სწორედ ეს იყო ერთ-ერთი კრიტერიუმი, რომლის გათვალისწინებითაც საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება.

„განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მიმართულებით იყო ყველაზე მეტი განაცხადა შემოსული. ასევე გამოირჩეოდა დემოკრატიული ინსტიტუტები და კარგი მმართველობა, ადამიანის უფლებები და თავისუფლებები, ჯანდაცვა, სოციალური დაცვა. ეს გახლავთ ის 3 ძირითადი პრიორიტეტი, რომელზეც ყველაზე მეტი განაცხადი იყო შემოსული. შემდეგ, რა თქმა უნდა, სტატისტიკა გრძელდება იმისდა მიხედვით, რა არის პრიორიტეტი. ზოგადად, ყველა იდეა, რომელიც მხარდაჭერილია საბჭოს მიერ, მნიშვნელოვანია და გამოირჩევა თავისი აქტუალობით და, შესაძლოა, ინოვაციურობით. აღვნიშნავდი ერთ-ერთ პროექტს და არა მხოლოდ მას, მაგალითად, ძალიან მნიშვნელოვანია, სადაც სახელმწიფო თავის სერვისს ამ ეტაპზე არ სთავაზობს, როგორც პროგრამას, ეს გახლავთ აუტისტური სპექტრის ახალგაზრდებისთვის. ჩვენ აუტისტური სპექტრის ზრდასრულთა სერვისის განვითარებაში შევიტანთ წვლილს სახელმწიფო გრანტის ფარგლებში. მოეწყობა სივრცე, სადაც თავად აუტისტური სპექტრის მქონე ახალგაზრდები დასაქმდებიან. საბჭოს მიერ მხარდაჭერილი კიდევ ერთი საგრანტო პროექტი მიზნად ისახავს დემენციის ეროვნული პროგრამის ჩამოყალიბებას და შექმნას, რომელიც ასევე, დღეის მდგომარეობით,  სახელმწიფოს არ აქვს. ეს იქნება ჩარჩოდოკუმენტი, რომელიც ხელს შეუწყობს შემდგომი ნაბიჯების გადადგმას.  ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი“, – განაცხადა თამარ ზოდელავამ.