თამარ ზოდელავა - სახელმწიფო გრანტის კონკურსთან დაკავშირებით გვქონდა მსჯელობა, გამოცდილება მცირე ქულით შეფასდება, რადგან გვინდა, საზოგადოებრივ ორგანიზაციებს თანაბარი შესაძლებლობა მივცეთ
ჩვენ მიერ დამტკიცებულია და დანართად არის გაცხადებული, ანუ ხელმისაწვდომია საზოგადოებისთვის ის კრიტერიუმები, რის საფუძველზეც იმსჯელებს საბჭო და მიიღებს გადაწყვეტილებას, – ამის შესახებ სახელმწიფო გრანტის მართვის სააგენტოს თავმჯდომარემ, თამარ ზოდელავამ გადაცემაში „ბიზნესპარტნიორი“ განაცხადა.
მისივე თქმით, საგრანტო განაცხადის შეფასებისას, გამოცდილებას ექნება მცირე ქულა, რათა როგორც არსებულ, ასევე ახლადშექმნილ საზოგადოებრივ ორგანიზაციებს თანაბარი შესაძლებლობა მიეცეთ, მოიპოვონ სახელმწიფო გრანტი და საბჭომ მიიღოს გადაწყვეტილება იდეაზე დაფუძნებით.
„რადგანაც ჩვენ ვსაუბრობთ ახალ ინიციატივაზე, შესაბამისად, გვქონდა ორი მიმართულებით მსჯელობა: ერთი, გაგვეძლიერებინა უკვე არსებული საზოგადოებრივი ორგანიზაციები, ხოლო მეორესთვის, რომლებიც ახლა დაფუძნდებიან, მიგვეცა შესაძლებლობა, ამ ინიციატივით ესარგებლათ. შესაბამისად, ის კრიტერიუმი, რომელიც მათ გამოცდილებას, ასე ვთქვათ, შეაფასებს, ამ ეტაპზე მცირე ქულით შეფასდება, რადგან, როგორც უკვე აღვნიშნე, გვინდა, ორივე მხრივ – როგორც არსებულებს, ასევე ახლადშექმნილებს – თანაბარი შესაძლებლობა მივცეთ და საბჭომ იდეაზე დაფუძნებით მიიღოს გადაწყვეტილება“, – განაცხადა თამარ ზოდელავამ.