თამარ ზოდელავა - გავეცით მილიონ 700 ათასამდე ლარი და 17-მა საზოგადოებრივმა ორგანიზაციამ მოიპოვა დაფინანსება, ჩვენი მთავარი პრინციპი გამჭვირვალობაა, რადგან საუბარია სახელმწიფო ბიუჯეტზე
თამარ ზოდელავა - გავეცით მილიონ 700 ათასამდე ლარი და 17-მა საზოგადოებრივმა ორგანიზაციამ მოიპოვა დაფინანსება, ჩვენი მთავარი პრინციპი გამჭვირვალობაა, რადგან საუბარია სახელმწიფო ბიუჯეტზე

სახელმწიფო გრანტის მართვის სააგენტოს პირველი, მცირე საგრანტო კონკურსი დასრულდა, საბჭომ იმსჯელა და გასცა მილიონ 700 ათასამდე ლარი და 17-მა საზოგადოებრივმა ორგანიზაციამ მოიპოვა ეს დაფინანსება, – ამის შესახებ სახელმწიფო გრანტის მართვის სააგენტოს თავმჯდომარემ, თამარ ზოდელავამ განაცხადა.

როგორც თამარ ზოდელავამ აღნიშნა, დაფინანსებული ორგანიზაციები უახლოეს მომავალში განახორციელებენ იმ სამოქალაქო ინიციატივებს, რის გამოც მიიღეს თანხა.

„გრანტის მიღება შეუძლია არაკომერციულ არასამეწარმეო იურიდიულ პირს. ის უნდა იყოს რეგისტრირებული და მოქმედი საქართველოში. 2025 წლის ბიუჯეტით, სახელმწიფო გრანტისთვის არის გამოყოფილი 20 მილიონ ლარამდე. სააგენტო შეიქმნა აპრილში და კონკურსი გამოვაცხადეთ მიმდინარე წლის ივლისში. ჩვენი მთავარი მიზანი და პრინციპი არის გამჭვირვალობა და ანგარიშვალდებულება, რადგან საუბარია სახელმწიფო ბიუჯეტზე“, – განაცხადა თამარ ზოდელავამ.

მისივე თქმით, გაცემული გრანტების მაკონტროლებელია თავად სააგენტო, ასევე დარგობრივი სამინისტროები და სხვადასხვა უწყება, რომლებიც თემატურად იქნებიან ჩართული ამ პროექტების განხორციელებაში.

„მცირე საგრანტო პროექტები დაიწყება ახლა და თითოეულ მათგანს დაახლოებით 4-დან 12 თვემდე განხორციელების პერიოდი აქვს“, – განაცხადა თამარ ზოდელავამ.