მცირე გრანტების საჯარო კონკურსზე ე.წ. ფორმალური შესაბამისობა 247-მა განაცხადმა დააკმაყოფილა და განსახილველად საბჭოს გადაეცა
მცირე გრანტების საჯარო კონკურსზე ე.წ. ფორმალური შესაბამისობა 247-მა განაცხადმა დააკმაყოფილა და განსახილველად საბჭოს გადაეცა

სახელმწიფო გრანტის მართვის სააგენტოს თავმჯდომარემ, თამარ ზოდელავამ მცირე გრანტების საჯარო კონკურსთან დაკავშირებით საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ბიზნესპარტნიორში“ ისაუბრა.

როგორც ზოდელავამ აღნიშნა, ფორმალური შესაბამისობა 247-მა განაცხადმა დააკმაყოფილა.

„ძალიან დიდი მომართვიანობა იყო, ეს არის ახალი ინიციატივა და შესაბამისად გვსურს, რომ რაც შეიძლება მეტმა დაინტერესებულმა საზოგადოებრივმა ორგანიზაციამ ისარგებლოს. 403 განაცხადი იყო, რომელიც ჩვენ პირველად გამოვაქვეყნეთ, საქმის წარმოებაში დარეგისტრირდა 346 განაცხადი, იქ იყო დუბლირება და შესაბამისად 346 იყო, რომელმაც გაიარა რეგისტრაცია, ხოლო 247-მა დააკმაყოფილა ე.წ. ფორმალური შესაბამისობა და გადაეცა საბჭოს. სწორედ 247 განაცხადზე საბჭო იმსჯელებს და მიიღებს გადაწყვეტილებას უკვე მომდევნო კვირაში“, – აღნიშნა თამარ ზოდელავამ.

ჟურნალისტის კითხვაზე, თუ რამდენი საგრანტო განაცხადის დაკმაყოფილება შეუძლია სააგენტოს, ზოდელავამ უპასუხა, რომ ყველა განაცხადს აქვს თანაბარი შესაძლებლობა, თუმცა გადაწყვეტილების მიღება მოხდება იდეაზე და კრიტერიუმებზე დაფუძნებით.

„ეს არის კონკურსი, შესაბამისად, ეს არის იდეათა კონკურსი, ამდენად წინასწარ ამის თქმა, რამდენი იქნება მხარდაჭერილი საბჭოს მიერ რთულია. თუმცა, ნებისმიერ განაცხადს, რომელიც გადაეცა საბჭოს, აქვს თანაბარი შესაძლებლობა, ხოლო უკვე იდეაზე და იმ კრიტერიუმებზე დაფუძნებით, რომელიც ასევე ხელმისაწვდომი არის ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის, საბჭო იმსჯელებს და მიიღებს გადაწყვეტილებას“, – განაცხადა ზოდელავამ.