თამარ თანდაშვილი - მშობლებს ვურჩევდი, კარგად აკონტროლონ ბავშვების ინტერნეტსივრცე
თამარ თანდაშვილი - მშობლებს ვურჩევდი, კარგად აკონტროლონ ბავშვების ინტერნეტსივრცე

მშობლებს ვურჩევდი, კარგად აკონტროლონ ბავშვების ინტერნეტსივრცე, – ამის შესახებ ფსიქოლოგმა, თამარ თანდაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.

„ამას როგორ გააკეთებენ, არ ვიცი, მაგრამ ვისაც ამის გაკეთება ხელეწიფება, აუცილებლად უნდა იცოდნენ, ვის ეკონტაქტებიან მათი შვილები, რა საიტებზე შედიან და რა ტიპის ინფორმაციას იღებენ დღის განმავლობაში“, – განაცხადა თანდაშვილმა.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, რა ეფექტური სტრატეგიები არსებობს სახლის პირობებში ბავშვის დასახმარებლად, რათა პანდემიის პირობებში მათ ფსიქო-ემოციურ მდგრადობას საფრთხე არ დაემუქროს, თამარ თანდაშვილმა განაცხადა, რომ პირველ რიგში, აუცილებელია, ბავშვები ფიზიკურ აქტივობაში ჩავრთოთ.

„შეიძლება, ვიღაცამ თქვას, რა კავშირშია ეს ფსიქოლოგიასთან, მაგრამ პირდაპირ კავშირშია ფსიქიატრიულ დიაგნოზებთან, დეპრესიასთან, შფოთვასთან და ძალიან ბევრ სხვა აშლილობასთან. მესმის, რომ ყველანაირად იქითკენ ვართ მიმართული, ბავშვი სახლის პირობებში გავართოთ, ან სახლში დავტოვოთ, მაგრამ უსაფრთხოდ, ქუჩაში გასვლაც შეიძლება, თუ წესებს დაიცავ, ბავშვს ამისკენ მოუწოდებ და შეაჩვევ. თუ იპოდრომთან, ან რამე მწვანე საფართან არ ცხოვრობთ, ძალიან უმარტივესია, ფეხით გაიაროთ; რაღაც თამაში გააკეთეთ, ვინ მეტ, ან ნაკლებ ნაბიჯს გადადგამს. ბავშვები ფიზიკურად, რამენაირად უნდა გავააქტიუროთ“, – განაცხადა თანდაშვილმა.

მისი თქმით, დასავლეთ ევროპაში მშობლებს და მასწავლებლებს ურჩევენ, სწავლების და ბავშვების მიმართ მომთხოვნელობის სტანდარტი დაწიონ, რადგან ბავშვებს მატრავმირებელი ფაქტორები გაუმრავლდათ და ცუდად არიან, მაგრამ მათდამი მოთხოვნა არის არა ისეთი, როგორიც იყო, არამედ უფრო უარესი.

„ახლა მოთხოვნა არის ასეთი – მაინც სახლში ზიხარ, ბევრს არაფერს აკეთებ, კომპიუტერს მიშტერებიხარ, წრეებზე თუ ქუჩაში აღარ დადიხარ და რაღაც ხომ უნდა ქნა. სხვათა შორის, საშინაო დავალებები და სკოლაში გატარებული საათები ნაკლები ნამდვილად არ არის. ცოტა სტანდარტები უნდა დავწიოთ, რადგან ალბათ, ცერბერ ბავშვებს გვირჩევნია ჯანმრთელი ბავშვები. ჯერ ჯანმრთელები უნდა იყვნენ, ფიზიკურად, ფსიქიკურად და რასაც ახლა წარმატებულს და განათლებულს ვარქმევთ, მხოლოდ შემდეგ შეიძლება, მათ ეს მოვთხოვოთ. არ უნდა დაგვავიწყდეს, ეს მონაცვლეობა, პრიორიტეტი რა არის“, – განაცხადა თამარ თანდაშვილმა.