თამარ ტალიაშვილმა რესპუბლიკელ კონგრესმენ აბრაჰამ ჰამადესთან შეხვედრა გამართა

22:27, 07.09.2026

აშშ-ში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, თამარ ტალიაშვილმა შეხვედრა გამართა აშშ-ის კონგრესმენ აბრაჰამ ჰამადესთან (R), რომელიც აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის შეიარაღებული ძალებისა და ვეტერანთა საქმეთა კომიტეტების წევრია.

როგორც ტალიაშვილი სოციალურ ქსელში წერს, მხარეებმა ორმხრივი ურთიერთობების მიმდინარე პოზიტიური დინამიკა განიხილეს. ყურადღება გამახვილდა გლობალურ გეოპოლიტიკურ გამოწვევებზე, სუვერენიტეტის დაცვისა და რეგიონული სტაბილურობის უზრუნველყოფის მნიშვნელობაზე.

„თამარ ტალიაშვილმა ხაზი გაუსვა რეგიონში საქართველოს სტრატეგიულ როლს, ქვეყნის ეკონომიკურ მიღწევებსა და პერსპექტივებს, განსაკუთრებით „შუა დერეფნის“ განვითარების კონტექსტში.

შეხვედრაზე ასევე იმსჯელეს „პრეზიდენტ ტრამპის მარშრუტი საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის“ (TRIPP) ინიციატივაზე. ელჩმა ხაზი გაუსვა საქართველოს მნიშვნელობას და მზაობას, მხარში დაუდგეს პარტნიორებს აღნიშნული ინიციატივის წარმატებით განხორციელებაში“, – აღნიშნულია თამარ ტალიაშვილის ოფიციალურ გვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში.

გამართული შეხვედრის დასასრულს, ელჩმა კონგრესმენი საქართველოში ვიზიტით მოიწვია.

მსგავსი