თამარ ტალიაშვილმა და კონგრესმენმა აბრაჰამ ჰამადემ შეხვედრაზე ორმხრივი თანამშრომლობის განვითარებისა და ურთიერთობების განმტკიცების მნიშვნელობაზე ისაუბრეს
აშშ-ში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, თამარ ტალიაშვილმა შეხვედრა გამართა აშშ-ის კონგრესმენთან, აბრაჰამ ჰამადესთან (R), რომელიც არიზონის შტატს წარმოადგენს. ამის შესახებ ინფორმაციას ტალიაშვილი სოციალურ ქსელში ავრცელებს.
მისივე ცნობით, შეხვედრაზე ქართულ-ამერიკული ურთიერთობებისა და არსებული დინამიკის შესახებ ისაუბრეს.
„კონგრესმენი ჰამადე აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის შეიარაღებული ძალებისა და ვეტერანთა საკითხების კომიტეტების წევრია. კონგრესში არჩევამდე იგი არიზონის შტატში პროკურორის თანამდებობას იკავებდა; კონგრესმენი ჰამადე ასევე არის კონტრტერორიზმის უსაფრთხოების ოფიცერი.
შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა ქართულ-ამერიკული ურთიერთობებისა და არსებული დინამიკის შესახებ ისაუბრეს. საუბარი ასევე შეეხო რეგიონისა და საერთაშორისო დონეზე მიმდინარე აქტუალურ საკითხებს. ამავდროულად, ხაზი გაესვა სუვერენიტეტის დაცვისა და სამშვიდობო პოლიტიკის მნიშვნელობას.
შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოს უნიკალურ გეოგრაფიულ მდებარეობას, პოტენციალსა და როლს შუა დერეფნის განვითარების თვალსაზრისით. აღინიშნა საერთო ინტერესებზე დამყარებული ორმხრივი თანამშრომლობის განვითარებისა და ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების განმტკიცების მნიშვნელობა“, – ნათქვამია ინფორმაციაში.