თამარ ტალიაშვილის ინიციატივას ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის კულტურის, მეცნიერების, განათლებისა და მედიის კომიტეტმა მხარი ერთხმად დაუჭირა
თამარ ტალიაშვილის ინიციატივას ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის კულტურის, მეცნიერების, განათლებისა და მედიის კომიტეტმა მხარი ერთხმად დაუჭირა

ევროპის საბჭოში საქართველოს მუდმივმოქმედი დელეგაციის წევრმა, საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, თამარ ტალიაშვილმა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) კულტურის, მეცნიერების, განათლებისა და მედიის კომიტეტის სხდომაზე სარეზოლუციო ინიციატივის პრეზენტაცია წარადგინა. რეზოლუციის ინიციატივას თემაზე „ახალგაზრდობა და მედია“ კომიტეტმა მხარი ერთხმად დაუჭირა.

თამარ ტალიაშვილის განმარტებით, „ევროსაბჭოს ქვეყნებსა და მსოფლიოს მასშტაბით თანამედროვე მედიაში ახალგაზრდების როლი შეიცვალა. თანამედროვე მედიაში პასიური როლიდან ახალგაზრდები წამყვანი აქტორების როლში გვევლინებიან. ახალგაზრდები იღებენ ინფორმაციას და ამავდროულად აქტიურად თვითონ ქმნიან საინფორმაციო და კრეატიულ საინფორმაციო მედია პროდუქტს.

პანდემიის პირობებში ახალგაზრდობამ თანამედროვე მედია ფიზიკური იზოლაციის უარყოფითი ფსიქო-სოციალური მდგომარეობის შემსუბუქებისთვის კიდევ უფრო მეტად მიმართა – აზრის გამოხატვის, სოციალური ურთიერთობების შენარჩუნებისა და ახალი კავშირების დამყარების, შემეცნებითი, კრეატიული და საგანმანათლებლო აქტივობისთვის.

ამ პროცესების პარალელურად, კვლევების თანახმად, გაიზარდა თანამედროვე მედიის ნეგატიური ზეგავლენაც ახალგაზრდებზე. ემოციური ძალადობის, რადიკალიზაციის, დისკრიმინაციისა და სოციალურ ქსელებზე დამოკიდებულების შემთხვევებისადმი ახალგაზრდები მოწყვლადი აღმოჩნდნენ.

თამარ ტალიაშვილის განმარტებით, თანამედროვე მედიის გარდა მნიშვნელოვანია, ტრადიციულმა მედიამ შეასრულოს დადებითი ფუნქცია ახალგაზრდების გამოწვევებისა და იდეების აქტიური წარმოჩენის კუთხით. მაგალითად, ტელესკოლის მოდელები ამოქმედდა არა ერთ ქვეყანაში. საამაყოა, რომ საქართველო ერთ-ერთი პირველი იყო ამ მიმართულებით.

შეხვედრაზე კომიტეტის წევრებმა ასევე განიხილეს ისეთი თემები, როგორიცაა კოვიდპანდემიის გავლენა განათლებასა და კულტურაზე ევროსაბჭოს წევრ ქვეყნებში. ასევე იმსჯელეს დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხზე სამეცნიერო კვლევითი პოლიტიკისა და გარემოს დაცვის ურთიერთქმედების შესახებ.

ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.