თამარ ტალიაშვილი – ნიუ იორკში მიხეილ ყაველაშვილის ვიზიტი დატვირთულია მაღალი რანგის შეხვედრებით, ასევე, ხვალ საქართველოს პრეზიდენტი, დონალდ ტრამპის მიწვევით, ოფიციალურ ვახშამს დაესწრება

21:27, 22.09.2025

საქართველოს პრეზიდენტი ხვალ, დონალდ ტრამპის მიწვევით და, ასევე, მისი მასპინძლობით, დაესწრება ოფიციალურ ვახშამს, მიღებას. მთლიანობაში, ეს კვირა არის უაღრესად მნიშვნელოვანი, – ამის შესახებ აშშ-ში საქართველოს ელჩმა, თამარ ტალიაშვილმა საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ ყაველაშვილის ნიუ იორკში ვიზიტთან დაკავშირებით განაცხადა.

ელჩის თქმით, ნიუ იორკში მიხეილ ყაველაშვილის ვიზიტი დატვირთულია, როგორც მაღალი დონის შეხვედრებით, ასევე პანელური დისკუსიებით.

„მიხეილ ყაველაშვილის ვიზიტი არის ძალიან მნიშვნელოვანი, დატვირთულია მაღალი რანგის შეხვედრებით და ასევე, პანელური დისკუსიებით, გამოსვლებით. ამ ტრიბუნას რამდენიმე დღეში დაიკავებს საქართველოს პრეზიდენტი და მიმართავს საერთაშორისო საზოგადოებას. აქვე, მინდა, ხაზი გავუსვა იმას, რომ ხვალ საქართველოს პრეზიდენტი, დონალდ ტრამპის მიწვევით და, ასევე, მისი მასპინძლობით, დაესწრება ოფიციალურ ვახშამს, მიღებას. მთლიანობაში, ეს კვირა არის უაღრესად მნიშვნელოვანი. მთავარი სიტყვები ამ კვირის განმავლობაში იქნება მშვიდობა, საერთაშორისო წესრიგი და სტაბილურობა“, – განაცხადა ელჩმა.

ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი ამერიკის შეერთებულ შტატებში 21 სექტემბერს გაემგზავრა. ყაველაშვილი ნიუ იორკში ვიზიტის ფარგლებში გაერო-ს გენერალური ასამბლეის მე-80 სესიაზე სიტყვით გამოვა.

მსგავსი