თამარ ტალიაშვილი ევროსაბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესის რეგიონთა პალატის ვიცე-პრეზიდენტად აირჩიეს
თამარ ტალიაშვილი ევროსაბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესის რეგიონთა პალატის ვიცე-პრეზიდენტად აირჩიეს

საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის (ათეა) ვიცე-პრეზიდენტი, თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე და თბილისის ზღვისუბნის მაჟორიტარი დეპუტატი თამარ ტალიაშვილი ევროსაბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესის რეგიონთა პალატის ვიცე-პრეზიდენტად აირჩიეს.

თბილისის საკრებულოს პრესსამსახურის ინფორმაციით, კენჭისყრაზე თამარ ტალიაშვილმა კონგრესის წევრებისგან ხმების უმრავლესობა მიიღო.

35-ე სესიაში მონაწილეობს თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე და ათეა-ს ვიცე-პრეზიდენტი, გიორგი ტყემალაძე. სესიაზე მოხსენებით წარდგება საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი. დელეგაციის შემადგენლობაში ასევე არიან რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ნინო ქავთარაძე და მცხეთის საკრებულოს წევრი სევდია უგრეხელიძე.

კონგრესის 35-ე სესია სტრასბურგში 6-8 ნოემბერს იმართება და მასზე ასევე კონგრესის პრეზიდენტი და კომიტეტის თავმჯდომარეები აირჩიეს.

ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესი 47 წევრ ქვეყანაში ადგილობრივი და რეგიონული დემოკრატიის გაძლიერებაზე, ასევე ამ ქვეყნებში ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ „ევროპული ქარტიის“ იმპლემენტაციის შედეგების შეფასებაზეა პასუხისმგებელი. კონგრესის მიზანია, ევროპის მინისტრთა კომიტეტთან თანამშრომლობის გზით, ცენტრალურ, ადგილობრივ და რეგიონულ მთავრობებს შორის კონსულტაციებისა და პოლიტიკური დიალოგის გაძლიერება. კონგრესი შედგება ადგილობრივ ხელისუფლებათა და რეგიონთა პალატისაგან. მას ჰყავს 324 მუდმივი და ასევე, 324 სათადარიგო წევრი, რომლებიც წარმოადგენენ 2000-ზე მეტ ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებებს.