თამარ სანიკიძე - აბიტურიენტებისთვის, რომლებიც წელს IBSU-ში ჩაირიცხებიან, რიგგარეშე მობილობას გამოვაცხადებთ
თამარ სანიკიძე - აბიტურიენტებისთვის, რომლებიც წელს IBSU-ში ჩაირიცხებიან, რიგგარეშე მობილობას გამოვაცხადებთ

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი თამარ სანიკიძე აცხადებს, რომ შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის (IBSU) განცხადებას არ ეთანხმება და მიაჩნია, რომ სპეციალურმა საბჭომ უნივერსიტეტს ავტორიზაცია კანონიერად შეუჩერა.

„ვერანაირად ვერ დავეთანხმები შავი ზღვის უნივერსიტეტის განცხადებას, რადგანაც ვფიქრობ, საბჭომ მაქსიმუმი გააკეთა, რათა მიეღო კანონიერი გადაწყვეტილება, რომელიც ოპტიმალური იქნებოდა თავად უნივერსიტეტისთვის. ამაში ვგულისხმობ იმას, რომ უნივერსიტეტმა ავტორიზაცია მიიღო იმის მიუხედავად, რომ ფაქტობრივად დადასტურდა უნივერსიტეტში არსებული რთული ვითარება.

უნივერსიტეტიდან განაცხადი გაკეთებული იყო კონტიგენტის გაზრდაზე, რაც ნიშნავდა 2000-იანი კონტიგენტის კიდევ 1000 სტუდენტით გაზრდას. ვფიქრობ, რა მდგომარეობაზეც იმსჯელა საბჭომ, საუკეთესო გადაწყვეტილება იყო უნივერსიტეტისთვის, რადგანაც მათმა მფლობელებმა არსებული პრობლემები აუცილებლად უნდა გადაჭრან“, – განაცხადა სანიკიძემ.

მისივე თქმით, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს რამდენიმე წელია, სახელმწიფოსთვის გადასახდელ თანხაზე აქვს დავა.

„თავის დროზე, დაფიქსირდა, რომ გადასახადების გადახდას თავს არიდებდნენ. დღეისათვის დავალიანება 715 000 ლარს შეადგენს, რის შესახებაც დოკუმენტი გასაჩივრებული არ არის, ანუ ჩანს, რომ დაწესებულება ამას ეთანხმება. ამის გამოა სრულად დაყადაღებული უნივერსიტეტის ყველა უძრავი და მოძრავი ქონება და ამავდროულად, შპს-ს მფლობელების წილები. ამ ფონზე, ვერავინ იტყვის, რომ საბჭომ ალოგიკური გადაწყვეტილება მიიღო“, – აცხადებს სანიკიძე.

სანიკიძის განცხადებით, უნივერსიტეტის სტუდენტებს პრობლემები არ შეექმნებათ და ჩვეულ რეჟიმში განაგრძობენ სწავლას. შეზღუდვა კი მხოლოდ იმ აბიტურიენტებს შეეხებათ, ვინც წელს ეროვნული გამოცდების შედეგად აირჩიეს შავი ზღვის უნივერსიტეტი.

„მათთვის ჩვენ გამოვაცხადებთ რიგგარეშე მობილობას. უბრალოდ, ჯერ დაველოდებით რამდენიმე დღე რანჟირების დოკუმენტს, რომ ზუსტად ვნახოთ, ვინ მოიპოვა ამ უნივერსიტეტში ჩარიცხვის უფლება და წელს ჩვენ მათ შევთავაზებთ სხვა ავტორიზებულ დაწესებულებებს, რათა გადანაწილდნენ და შეუფერხებლად დაიწყონ სასწავლი წელი“, – განაცხადა სანიკიძემ.

განათლების ხარისხის განვითარების ცენტრმა განცხადება გაავრცელა, რომელშიც აღნიშნულია, რომ შავი ზღვის უნივერსიტეტს სტუდენტების მიღება ფინანსური დავალიანებების გამო შეეზღუდა.

IBSU-ში აცხადებენ, რომ ექსპერტების დასკვნის მიხედვით, უნივერსიტეტმა ავტორიზაციის ყველა კრიტერიუმი დააკმაყოფილა და მიმართავენ არასამთავრობო სექტორსა და საერთაშორისო ორგანიზაციებს, დიპლომატიურ კორპუსსა და მთლიანად სამოქალაქო საზოგადოებას, მხარი დაუჭირონ შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს.