თამარ ქიტიაშვილი - წელს პროფესიული განათლების კოლეჯების ავტორიზაციის ახალი სტანდარტი დაინერგება
თამარ ქიტიაშვილი - წელს პროფესიული განათლების კოლეჯების ავტორიზაციის ახალი სტანდარტი დაინერგება

წელს პროფესიული განათლების კოლეჯების ავტორიზაციის ახალი სტანდარტი დაინერგება, რაც საერთაშორისო გამოცდილებაზე დაყრდნობით არის შემუშავებული, – ამის შესახებ განათლების მინისტრის მოადგილე თამარ ქიტიაშვილმა დღეს საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ბიზნესპარტნიორში“ განაცხადა.

გადაცემაში პროფესიული განათლების მნიშვნელობა, გამოწვევები და პერსპექტივები განიხილეს. დისკუსიის დროს აღინიშნა, რომ როგორც არაერთი საერთაშორისო კვლევა აჩვენებს, საქართველოს სერიოზული პრობლემები აქვს ადამიანური კაპიტალის ათვისების კუთხით და ამ გამოწვევის შერბილებაში პროფესიულ განათლებას მნიშვნელოვანი ფუნქციის შესრულება შეუძლია.

დისკუსიის დროს გადაცემის თანაწამყვანი და კომპანია „ჯეპრას“ დამფუძნებელი სოსო გალუმაშვილი დაინტერესდა, რა სიახლეებია მოსალოდნელი პროფესიულ კოლეჯებთან დაკავშირებით. განათლების მინისტრის განმარტებით, წელს ავტორიზაციის ახალი სტანდარტი დაინერგება.

„წელს ავტორიზაციის ახალ სტანდარტს ვნერგავთ, რაც საერთაშორისო სტანდარტზე დაყრდნობით არის შემუშავებული, ევროპულ ე.წ. ბენჩმარკებთან [საბაზისო მაჩვენებელი] და სხვადასხვა მახასიათებელთან არის დადარებული. სწორედ ამ სტანდარტის დანერგვა მეტად დაგვაახლოვებს საერთაშორისო კვალიფიკაციებთან და გვაქვს კიდეც ეს ორიენტირი და ამბიცია, რომ წელს ინტენსიურად ვიმუშაოთ ერთობლივ და გაცვლით პროგრამებზე, რათა საერთაშორისო სერთიფიკატები გავცეთ. ესეთი პრეცედენტები უკვე გვაქვს სამშენებლო სფეროში. ე.წ. ბიტეკის [BTEC] სერთიფიკატები გაიცა, საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროში „სისკოს“ [ Cisco] სერთიფიკატები და ა.შ. გვინდა, რაც შეიძლება მეტ პროგრამაზე გავრცელდეს ეს. როცა სისტემის მოდერნიზაციაზე ვსაუბრობთ, სისტემის მთავარი შემთავაზებელი და პროვაიდერი არის კოლეჯი. აქაც ბევრ ცვლილებას ვგეგმავთ. პირველ რიგში ახალ სტანდარტთან მიმართებით გაანალიზდება კოლეჯის სტრუქტურა, მათი მართვის მიდგომები, აუცილებლად გადაიხედება, რომ ამ საერთაშორისო სტანდარტზე მოხდეს მორგება“, – განაცხადა ქიტიაშვილმა

მისი განმარტებით, პროფესიული განათლების პოპულარიზაციისთვის ინტენსიური მუშაობა მიმდინარეობს სკოლების მიმართულებითაც.

„გვაქვს ასევე ახალი კომპონენტი „პროფესიული განათლება სკოლებში“. მასობრივად შევდივართ სკოლებში. ეს სიახლე ორი წლის განმავლობაში უკვე 15 ათას სკოლის მოსწავლეს შეეხო, რომლის ფარგლებშიც ვთავაზობთ საორიენტაციო ორთვიან პროგრამებს, რაც მერვე-მეცხრე კლასელებს საშუალებას აძლევს, თავისი ძალები ამა თუ იმ პროფესიაში, ვთქვათ კულინარიაში მოსინჯონ და საბაზო უნარები გამოიმუშაონ, თან პროფესიას გაეცნონ. ასევე სკოლებში საშუალო საფეხურზე ვაძლიერებთ სასერთიფიკატო პროგრამებს, სადაც სკოლის პარალელურად შეუძლიათ გარკვეულ უნარებს დაეუფლონ. ასევე გვაქვს პოლიტიკა იმისათვის, რომ პროფესიული განათლების ქსელი გავაფართოვოთ, ვიმუშაოთ იმ წარმატებულ სკოლებთან, ვისაც ამ საორიენტაციო პროგრამებში გამოცდილება აქვთ. შესაძლოა, მათ თითო ან ორი საკვალიფიკაციო პროგრამაც შეიტანონ სკოლებში“,- განაცხადა ქიტიაშვილმა.

განათლების მინისტრის მოადგილის თქმით, პროფესიული განათლების პოპულარიზაციის მიზნით წელს ვრცელი საინფორმაციო კამპანიაც გაიშლება.

„ამ მიმართულებით კამპანიისა და ცნობიერების ამაღლების კუთხით ბაზარზე სათანადოდ წარმოდგენილი არასოდეს ვიყავით. მხოლოდ დონორების საშუალებით თუ ვახერხებდით კომუნიკაციას. ამ მიმართულებით ბიუჯეტი ყოველთვის შეზღუდული იყო. წელს დონორების მხრიდან ძალიან დიდი მხარდაჭერა გვაქვს და ჩვენც გვაქვს სახსრები გამოყოფილი, რომ ძალიან მასობრივი კამპანია ვაწარმოოთ, როგორც მშობლებისა და ბავშვებისთვის, ასევე იმ კერძო კოლეჯებისთვის, რომლებთან თანამშრომლობაც ჩვენთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. სკოლების პროგრამებმაც კარგი სამსახური გაუწია პროფესიული განათლების ცნობადობის ზრდას. თუმცა ვფიქრობთ, რომ ამას კერძო სექტორთან ერთად ბევრად უკეთ გავაკეთებთ, რადგან სწორედ ეს არის მთავარი მიზიდულობის მარცვალი, რაც პროფესიული განათლების ჭრილში მშობლებსა და მოსწავლეებს უნდა დავანახოთ, რომ ეს არის ძალიან სწრაფი გზა თვითრეალიზაციისკენ“, – განუცხადა თამარ ქიტიაშვილმა „ბიზნესპარტნიორს“.

დატოვე კომენტარი