თამარ ქიტიაშვილი - პროფესიული განათლების მასწავლებლების განვითარების ახალი მოდელი წლის ბოლომდე დაინერგება, რაც პედაგოგთა ხელფასის ზრდას განაპირობებს
თამარ ქიტიაშვილი - პროფესიული განათლების მასწავლებლების განვითარების ახალი მოდელი წლის ბოლომდე დაინერგება, რაც პედაგოგთა ხელფასის ზრდას განაპირობებს

წლის ბოლომდე პროფესიული განათლების მასწავლებლების განვითარების ახალი მოდელი დაინერგება, რაც ამ სფეროში პედაგოგთა ხელფასის ზრდას განაპირობებს. ხელფასების ზრდა პროფესიული განათლებაში ე.წ. პრაქტიკოსი პედაგოგების მოზიდვას და განათლების ხარისხის ზრდას შეუწყობს ხელს, – ამის შესახებ განათლების მინისტრის მოადგილე თამარ ქიტიაშვილმა დღეს საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ბიზნესპარტნიორში“ განაცხადა.

გადაცემაში პროფესიული განათლების მნიშვნელობა, გამოწვევები და პერსპექტივები განიხილეს. დისკუსიის დროს განათლების მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ პროფესიული განათლების პედაგოგთა საათობრივი ანაზღაურება მიმდინარე წელს, 2018 წელთან შედარებით თითქმის გაორმაგდა. ზრდა წლის ბოლომდე კიდევ იგეგმება, მას შემდეგ რაც პედაგოგთა პროფესიული განვითარების ახალი სისტემა დაინერგება. 

„მიმდინარე წელს ბოლო ორი წლის მანძილზე უკვე მეორედ მასწავლებლების ანაზღაურების ცვლილება განხორციელდა და საათობრივი ანაზღაურება 15 ლარი გახდა, რასაც თუ შარშანწინდელ რვა ლარს შევადარებთ, უკვე კარგი ზრდაა. თუმცა ჩვენ ამ ზრდას განვიხილავთ, როგორც საბაზისოს და 2020 წლის ბოლომდე ზრდა კვლავ განხორციელდება უკვე იმ სისტემისა და მოდელის მიხედვით, რაც მასწავლებლების პროფესიული განვითარების კუთხით დაინერგება. ახლა ამ მოდელის შემუშავებაზე მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით ვმუშაობთ. ამის შემდეგ, ამ საბაზისო ხელფასის საფუძველზე პროფესიული კარიერული წინსვლის შესაბამისად, მასწავლებლების პირობების გაუმჯობესება მოხდება. ცხადია, რომ ეს ხელფასი პროფესიულ განათლებას მასწავლებლებისათვის კიდევ უფრო მიმზიდველს გახდის. ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ პრაქტიკოსების მოზიდვას შევძლებთ, რაც აქამდე გარკვეულ გამოწვევას წარმოადგენდა, რადგან პროფესიულ განათლებაში გვჭირდება პრაქტიკოსი პროფესიონალები, როგორიცაა საინფორმაციო ტექნოლოგიების სპეციალისტი, შემდუღებელი, მზარეული და ა.შ. ამ ცვლილების შედეგად სწორედ ასეთი პრაქტიკოსების მოზიდვის შესაძლებლობა გაგვიჩნდა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის და ხარისხის გაუმჯობესებისთვის. მასწავლებელი ამ პროცესში არის ის მთავარი რგოლი, რომელმაც ეს ხარისხი უნდა უზრუნველყოს და ამავდროულად ერთგვარ მაკავშირებლად გვევლინება სტუდენტისა იმ დასაქმების დარგს შორის, სადაც სტუდენტმა მომავალში პროფესიული საქმიანობა უნდა განახორციელოს“, – განუცხადა თამარ ქიტიაშვილმა „ბიზნესპარტნიორს“.

დატოვე კომენტარი