თამარ ქიტიაშვილი - პროფესიულ კოლეჯ „მოდუსში“ სასწავლო პროცესი უსაფრთხოების ნორმების სრული დაცვით მიმდინარეობს
თამარ ქიტიაშვილი - პროფესიულ კოლეჯ „მოდუსში“ სასწავლო პროცესი უსაფრთხოების ნორმების სრული დაცვით მიმდინარეობს

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო  სასწავლო დაწესებულებებში მონიტორინგს აგრძელებს.

განათლების სამინისტროს ცნობით, მინისტრის მოადგილე თამარ ქიტიაშვილი ამჯერად რუსთავის პროფესიულ კოლეჯ „მოდუსს“ ეწვია და ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით განხორციელებულ სამუშაოებს პირადად გაეცნო. მინისტრის მოადგილესთან ერთად, კოლეჯში იმყოფებოდა ქალაქ რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა.

„მოდუსში“ სასწავლო პროცესი პირველი მარტიდან რამდენიმე ეტაპად განახლდა: სხვადასხვა პროფესიულ პროგრამაზე შედეგების დადასტურების პროცესი მიმდინარეობს, განახლდა სწავლა მოკლევადიან სასერტიფიკატო კურსებზე, მალე კი სასწავლო პროცესი ყველა პროფესიულ პროგრამაზე ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული რეკომენდაციების სრული დაცვით განახლდება.

კოლეჯი „მოდუსი“ რეგიონის საჭიროებების გათვალისწინებით, ადგილობრივი ბიზნესის ჩართულობით ახორციელებს პროფესიულ პროგრამებს: ელექტროობა, შედუღება, მებაღეობა, საინფორმაციო ტექნოლოგიები, კულინარია, სამკერვალო საქმე და სხვა. მიმდინარე პერიოდში კოლეჯმა წარმატებით გაიარა ავტორიზაცია და რამდენიმე ახალი პროფესიული პროგრამის განხორციელების უფლება მოიპოვა.

ინტერნაციონალიზაციის მიმართულებით ცოტა ხნის წინ კოლეჯმა თანამშრომლობის მემორანდუმები გააფორმა დაუგავპილსისა (ლატვია) და ვილნიუსის (ლიეტუვა) პროფესიულ კოლეჯებთან.

განათლების სამინისტროში აცხადებენ, რომ გარდა ამისა, თამარ ქიტიაშვილმა კოლეჯის თანამშრომლებს ახალი დირექტორი – პავლე თვალიაშვილი წარუდგინა.